ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ არასდროს აიძულებს უეინ რუნის "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებას და მისი უთამაშებლობის მიზეზი მხოლოდ ტრავმაა.
რუნი ევროპა ლიგის მატჩს "სენტ-ეტიენის" წინააღმდეგ გამოტოვებს, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" მოურინიოს მისვლის შემდეგ მას ისედაც შეზღუდული სათამაშო პრაქტიკა აქვს.
კაპიტანმა მხოლოდ რვა მატჩი დაიწყო პრემიერ ლიგის მატჩების სასტარტო შემადგენლობაში და ვრცელდება ინფორმაცია, რომ უეინით ჩინური კლუბები ინტერესდებიან, სადაც გადასვლის სურვილის გამოთქმის შემთხვევაში მოურინიო რუნის წინ არ აღუდგება.
"დარჩება თუ არა მომდევნო სეზონში, მას უნდა ჰკითხოთ. მე იმის გარანტიასაც კი ვერ მოგცემთ, რომ მომდევნო კვირასაც აქ ვიქნები და როგორ მოგცეთ იმის გარანტია, რომ ფეხბურთელი მომდევნო სეზონს აქ გაატარებს? უეინი თუ წავა, ეს ჩემი სურვილით არ მოხდება, მხოლოდ ამის გარანტიას მოგცემთ.
ამ კლუბის ლეგენდას არასდროს ვაიძულებ სხვა მიმართულებით წასვლას", - განაცხადა პორტუგალიელმა.
რუნიმ უკვე გამოტოვა ზედიზედ ორი მატჩი ტრავმის გამო და სანამ მწვრთნელი მისი გამოჯანმრთელების პროცესს აკვირდება, სხვა ფეხბურთელებზეა კონცენტრირებული, რომლებიც ოთხშაბათს გუნდის დახმარებას შეძლებენ.
"რუნი ტრავმირებულია, ამ დონის სასწაულის ჩადენა არ შემიძლია. შარშან სამედიცინო დეპარტამენტში დიდი გაუმჯობესება გვქონდა და ფეხბურთელებს მალე ვაბრუნებთ მოედანზე.
ცალსახა გაუმჯობესება გვაქვს ბოლო წლებში და ეს ნათლად ჩანს ტრავმირებულთა მაგალითზე. მაგრამ რუნი ტრავმირებულია, ორი თუ სამი კვირის განმავლობაში ტრავმირებულია.
როცა ერთი ფეხბურთელი ვერ თამაშობს, სხვისით ცვლი. გუნდი ახლა კარგ ვითარებაშია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი მატჩი წავაგეთ და ის ერთიც ისეთი იყო, რომლის წაგების უფლება გვქონდა, რადგან ორი მატჩის ჯამში გავიმარჯვეთ."