ანტუან გრიზმანმა განაცხადა, რომ პრემიერ ლიგაში გადასვლაში ეჭვი ეპარება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელით არის დაინტერესებული და ზაფხულში მის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხის გადახდას აპირებს.
გრიზმანს "ატლეტიკოსთან" 2021 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი, რომელიც გასულ წელს განაახლა.
25 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ამჯერად არ გრძნობს კლუბის შეცვლის ისეთივე აუცილებლობას, როგორც 2014 წელს გრძნობდა, როცა "რეალ სოსიედადს" ტოვებდა. "რეალ სოსიედადში" ყოფნისას ვიგრძენი, რომ წასვლა იყო საჭირო. ახლა კი ამის საჭიროებას და სურვილს ვერ ვხედავ.
ვინ იცის, როგორ დასრულდება სეზონი. ცუდად თუ დავამთავრებთ, იქნებ ჩემს თავს შეკითხვები დავუსვა. ამჟამად კი კითხვები არ მაქვს, გარდა იმისა, სად შეიძლება წავიდე. ესპანეთში "ბარსელონა" და მადრიდის "რეალია."
"ბარსელონას" მისი სამეული ჰყავს წინ. "რეალი" კი შეუძლებელია იმ კლუბის გამო, სადაც ახლა ვარ. ვფიქრობ, მათ შორის შეთანხმებაც კი არსებობს, ერთმანეთის ფეხბურთელები არ იყიდონ.
გერმანია, ეს ჩემპიონატი არ მაინტერესებს. არც საფრანგეთი. და რჩება ინგლისი, რომლის მიმართაც დიდი ეჭვი მაქვს ჩემი პირადი ცხოვრების გამო. სულ წვიმა, ცუდი ამინდია... მე კი ბედნიერად მინდა ვიგრძნო თავი", - განაცხადა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა.