ანტონიო ვალენსია აცნობიერებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" დიდი ვარსკვლავი არ არის, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული შვიდ-ნახევარი წლის შემდეგ უფრო მეტის მოლოდინი აქვს.
2009 წელს "უიგანიდან" ვინგერის როლში გადასული ეკვადორელი ფეხბურთელი ბოლო წლებში მარჯვენა მცველად იქცა.
ჟოზე მოურინიომ თავისი გუნდის უცვლელ ფიგურას მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველი უწოდა, თუმცა ვალენსია პორტუგალიელს არ ეთანხმება და ორი წლის წინ მიაჩნდა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მისი დრო ამოიწურა.
"ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ მწვრთნელის სიტყვებისა. არ მიმაჩნია, რომ საუკეთესო ვარ, მაგრამ აქ ყოფნა მახარებს.
იყო დრო, როცა ვხედავდი, რომ ანხელ დი მარიასა და მემფის დეპაის კლასის ფეხბურთელები მოდიოდნენ და მეგონა, ჩემი დრო სრულდებოდა. ალბათ, ახალი კლუბის პოვნა მომიწევდა. საბედნიეროდ, კონცენტრაცია შევინარჩუნე და ბევრი ვივარჯიშე, რის გამოც ჯერ კიდევ აქ ვარ.
მოურინიომ ჩემდამი ნდობა გამოავლინა და მოხარული ვარ, რომ დავრჩი. არ მინდა ვთქვა, რომ 100%-ით მარჯვენა მცველი ვარ. თავს მარჯვენა ფლანგის შემტევ ფეხბურთელად მივიჩნევ, მაგრამ იქაც ვართმევ თავს.
ცოტა რთულია, რადგან უფრო მეტი კონცენტრაციის გამოვლენაა საჭირო საკუთარი კარის სიახლოვეს. ერთი არაზუსტი პასი გოლის გაშვებად შეიძლება დაგიჯდეს.
ვგრძნობ, რომ ამ პოზიციაზე თამაშს უკეთ ვახერხებ, მაგრამ როცა ვუტევ, ასე მგონია, ჩემი ადგილი მიჭირავს. თუმცა მე ხომ გუნდის ნაწილი ვარ და მწვრთნელის ნდობა მაქვს.
ახალი კონტრაქტი მივიღე და ეს კლუბი მიყვარს, ეს ქალაქიც მიყვარს და ჩემს ოჯახსაც უყვარს მანჩესტერში ცხოვრება. რაც შეიძლება დიდხანს დავრჩები აქ, ხუთი ან ექვსი წელი, შეიძლება, მეტიც!"