"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა განაცხადა, რომ მისი კლუბი კვლავ გააძლიერებს შემადგენლობას, მაგრამ ამას არ გააკეთებს ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე ბევრი ფეხბურთელის მოყვანის, არამედ ეტაპობრივი შენაძენების სახით.
გასულ ზაფხულს "წითლებმა" 145.3 მილიონი ფუნტი დახარჯეს და გუნდის შემადგენლობა ისეთი ფეხბურთელებით გააძლიერეს, როგორებიც ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა, ჰენრიხ მხითარიანი და ერიკ ბაიი არიან.
თავის მხრივ კი კლუბი დატოვეს პირველი გუნდის წევრმა მორგან შნეიდერლინმა, მემფის დეპაიმ, პედი მაკნეირმა, დონალდ ლავმა, ტაილერ ბლეკეტმა, უილ კინმა და შონ გოსმა, რომელთაც საერთო ჯამში დაახლოებით 50 მილიონი ფუნტი შესძინეს "იუნაიტედის" ბიუჯეტს.
ვუდვორდი აცხადებს, რომ ჟოზე მოურინიო და კლუბის ხელმძღვანელობა შემადგენლობის ხარისხით კმაყოფილია და მასიური შენაძენების განხორციელებას არ აპირებს.
"დიახ, კმაყოფილები ვართ. ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ გუნდით კმაყოფილია მწვრთნელი, ეს კი მართლაც ასეა, რასაც ინტერვიუებში ფეხბურთელების შესახებ მის მიერ გაკეთებული კომენტარები ადასტურებს.
მიუხედავად ამისა, ნებისმიერ გუნდს სჭირდება გაძლიერება. მაშინაც კი, სამყაროში ყველაფერი რომ მოიგო, გაძლიერება დაგჭირდება - ასეთია საქმის დინამიკა და ბუნება, რომელსაც ჩვენ ვეწევით. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ბევრი ფეხბურთელი დაგვჭირდება. ყოველწლიურად მასიური შენაძენებისა და გაყიდვების თავიდან არიდების საშუალებით სტაბილური მდგომარეობის მიღწევა გვსურს.
ვფიქრობ, ამ მხრივ გაცილებით მეტ სტაბილურობას მივაღწიეთ, ვიდრე 2-3 წლის წინ, როცა ბევრი ფეხბურთელი გვჭირდებოდა გუნდის სათამაშო პერსპექტივების გათვალისწინებით", - განაცხადა ვუდვორდმა.