ადნან იანუზაი აცხადებს, რომ პოლ პოგბას მასთან ერთად თამაში სურს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი ნახევარმცველი ადნან იანუზაი აცხადებს, რომ პოლ პოგბას მისი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება და წარმატების ხილვა სურს.
დუეტი ერთად თამაშობდა "იუნაიტედის" რეზერვებში, მაგრამ ბოლო წლებში მათი კარიერა სრულიად სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა.
იანუზაი "იუნაიტედის" პირველ გუნდში მოხვდა 2013 წელს, ხოლო პოგბა თავის პროგრესს "იუვენტუსში" აგრძელებდა, თუმცა ბელგიელის კარიერა სულ უფრო და უფრო უკან წავიდა, როცა დევიდ მოიესი "წითლების" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.
თავის მხრივ, პოგბა ჟოზე მოურინიოს გუნდის რეგულარული წევრი გახდა ზაფხულში 89 მილიონ ფუნტად "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების შემდეგ.
იანუზაი ამჟამად იჯარის წესით "სანდერლენდში" ასპარეზობს, სადაც კვლავინდებურად უჭირს სტაბილურობის გამოვლენა, თუმცა ინგლისის 20-გზის ჩემპიონთა რიგებში მოხვედრის იმედი ჯერ კიდევ აქვს.
"პოგბა ჩემი კარგი მეგობარია. "იუნაიტედში" ყოველთვის ერთად ვიყავით. სადილად ერთად დავდიოდით, "ფლეისთეიშენს" ერთად ვთამაშობდით. ჩემთვის ძმასავით იყო.
რა თქმა უნდა, პოლი მეკითხება, "მანჩესტერ იუნაიტედში" დავბრუნდები თუ არა. ჩემთან ერთად თამაში სურს. მაგრამ ახლა "სანდერლენდში" ვიმყოფები და კლუბისთვის სასარგებლო საქმე უნდა ვაკეთო", - განაცხადა ბელგიელმა.
"იუნაიტედთან" 2013 წელს გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით ადნანს 18 თვე აკავშირებს "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებთან.
პროფესიონალური კარიერის დასაწყისში მასზე დიდი მოლოდინი მყარდებოდა და ითვლებოდა, რომ "პარი სენ-ჟერმენი" და მადრიდის "რეალიც" კი ცდილობდნენ იანუზაის შეძენას, მაგრამ მისმა რეგრესმა მხოლოდ ის შედეგი მოიტანა, რომ ბელგიელი ამჟამად პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი "სანდერლენდის" რიგებში ასპარეზობს.
"ჩემი მიზანი ყოველთვის "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში იქნება. მაგრამ ყურები ყოველთვის დაცქვეტილი უნდა გქონდეს და წინადადებები მოისმინო.
მომავლისთვის ვერ ითამაშებ. მე 2018 წლამდე მაქვს კონტრაქტი. ჩემით ბევრი კლუბი ინტერესდება. ჩემზეა დამოკიდებული შრომა, დანარჩენი კი თავისით მოვა", - დაასრულა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.
წყარო:
mirror.co.uk