"იუნაიტედის" ყოფილი მცველი თავის მანჩესტერულ კარიერას წარუმატებლობად არ თვლის.
ალექსანდერ ბიუტნერი არ აღიარებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი კარიერა წარუმატებლობად შეიძლება შეფასდეს და "ვიტესში" დაბრუნებულმა თავისი მიღწევა გაიხსენა.
მარცხენა მცველი არნემში მიმდინარე კვირაში დაბრუნდა და გააფორმა კონტრაქტი, რომელიც მას 2019 წლამდე დააკავშირებს ერედივიზის გუნდთან. ეს მისი მეორე მისვლაა კლუბში, სადაც პირველ ჯერზე 4 წელი გაატარა, სანამ 2012 წელს პრემიერ ლიგაში გადავიდოდა.
მიუხედავად იმისა, რომ სადებიუტო მატჩში ბიუტნერმა გოლის გატანაც მოახერხა და საგოლე გადაცემის გაკეთებაც, 27 წლის ფეხბურთელმა სერ ალექს ფერგიუსონის გუნდში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და ყველა ტურნირზე მხოლოდ 28 მატჩი ჩაატარა, რომელთა შორის მხოლოდ 9 მოდის პრემიერ ლიგაზე.
მაგრამ ალექსანდერი არ აღიარებს, რომ მას "ოლდ ტრაფორდზე" წარუმატებელი კარიერა ჰქონდა, რის დასტურადაც პრემიერ ლიგის მედალი მოიშველია.
"იუნაიტედის" მაისურით მოედანზე 30-ჯერ გავედი. ვის შეუძლია თქვას, რომ ინგლისის ჩემპიონი იყო? მე შემიძლია. სტივენ ჯერარდს კი ეს არ გაუკეთებია.
გაცილებით უკეთესი ფეხბურთელი გავხდი, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის "ბაიერნისა" და არიენ რობენის წინააღმდეგ ვითამაშე", - განაცხადა მარცხენა მცველმა.
ბიუტნერმა ინგლისის დატოვების შემდეგ "დინამო მოსკოვს" მიაშურა, მაგრამ ვერც იქ იქცა ფავორიტად. შარშანდელი სეზონის მეორე ნახევარის "ანდერლეხტში" გატარების შემდეგ ბიუტნერი მოსკოვში დაბრუნდა, სადაც რუსეთის მეორე დივიზიონში 4 მატჩი ჩაატარა.
მან "ვიტესში" 28 ნომერი აირჩია, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანი ციფრია.
"მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემი დებიუტი 28 ნომრით შედგა, გოლიც გავიტანე და საგოლე გადაცემაც გავაკეთე. არ მინდა ამ ნომრის დაკარგვა. ამოვისვირინგე კიდეც.
მოუთმენლად ველი მოედანზე დაბრუნებას, ჯგუფთან ერთად ვარჯიშს. მინდა, კვლავ დავბრუნდე თვალთახედვის არეში. თავს ძლიერად ვგრძნობ, როცა მოედანზე ვარ. ამას გიჩვენებთ."წყარო:
goal.com