"მანჩესტერ იუნაიტედმა" დაადასტურა, რომ ანტონიო ვალენსიას მოქმედი კონტრაქტი ერთი წლით გახანგრძლივდა და ეკვადორელი "იუნაიტედში" 2018 წლის ივნისამდე დარჩება.
ვალენსიას 271 მატჩი აქვს ჩატარებული "წითლების" რიგებში და 21 გოლი გაიტანა. 2009 წელს "უიგან ატლეტიკიდან" გადასვლის შემდეგ მან ექვსჯერ მოიგო ტიტული. 2011/12 წლების სეზონში კი მან სამმაგი ჯილდო მოიგო, როცა გულშემატკივართა და ფეხბურთელთა ვერსიით წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ასევე სეზონის საუკეთესო გოლის ავტორიც გახდა.
31 წლის ფეხბურთელი ჟოზე მოურინიოს გუნდში მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მან ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში. თავისი ფორმის აღიარების ნიშნად, ნოემბერში იგი გულშემატკივარმა თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
ვალენსია ამჟამად თავის მერვე სეზონს ატარებს "წითლების" რიგებში და მისი კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივდება.