ფილ ჯონსი "ლივერპულთან" მატჩის შემდგომ.
ფილ ჯონსმა "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები შეაქო, რომლებიც "ლივერპულთან" მატჩში გუნდს მატჩის ბოლომდე უცხადებდნენ მხარდაჭერას.
"იუნაიტედი" მატჩის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე მარცხდებოდა, მაგრამ ზლატან იბრაჰიმოვიჩის თავური გოლის შემდეგ "წითლებმა" წონასწორობის აღდგენა მოახერხეს და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.
ჯონსს მიაჩნია, რომ გულშემატკივრებმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს:
"ფანებმა წაგვაქეზეს. მთელი მატჩის განმავლობაში ისმოდა მათი ხმა, მაშინაც კი, როცა 1-0 ვმარცხდებოდით, ისინი საოცარნი იყვნენ. ანგარიშის გათანაბრებაში ისინი დაგვეხმარნენ, როცა იბრამ გაიტანა, იქაურობა აფეთქდა, ნამდვილად აფეთქდა."ჯონსი ასევე თვლის, რომ "იუნაიტედმა" თამაშის სტილი შეცვალა, როცა გათანაბრებას ცდილობდა.
"მწვრთნელმა გვითხრა, რომ პირველ ტაიმში ჩვენ მათ სასარგებლოდ ვთამაშობდით. მეორე ტაიმში კი ჩანდა, რომ უფრო წინ წავიწიეთ და ამასთან გამკლავება უჭირდათ, მითუმეტეს, იბრასთან.
მეორე ტაიმში სასტვენის ხმის გაგონებისთანავე საკალათბურთო მატჩის მსგავსი საყურებელი შეხვედრა უნდა ყოფილიყო. ისინი გვიტევდნენ, ჩვენც ვუტევდით და 45 წუთის განმავლობაში ასე გრძელდებოდა. უბრალოდ სამწუხაროა, რომ გოლი უფრო ადრე ვერ გავიტანეთ, რათა მეორე გოლის გასატანად უფრო მეტი ზეწოლა მოგვეხდინა მათზე".ინგლისელი მცველი თვლის, რომ მისი გუნდი კვირას თავის საუკეთესო მატჩს ვერ აჩვენებდა, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ფრე კარგი შედეგი იყო.
"არ ვფიქრობ, რომ დღეს კარგად ვითამაშეთ, მაგრამ კარგად როცა არ თამაშობ და არ მარცხდები, ეს დიდი ბონუსია. ბიჭებმა ფანტასტიკური ხასიათი გამოავლინეს, ფანტასტიკური სულისკვეთება, რთულია, მითუმეტეს, როცა პირველ ტაიმში კარგად არ გვითამაშია და ანგარიშის გათანაბრება არ მოგვიხერხებია, მეტი დრო რომ გვქონოდა, ვინ იცის, იქნებ მოგვეგო კიდეც".ოთხეულში მოხვედრის შანსის შესახებ ჯონსი აცხადებს, რომ "წითლებს" ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი.
"ჩვენი ფორმა არ უნდა შეწყდეს, მომდევნო კვირას "სტოკია", იმედია, ამ მატჩს და "ჰალთან" საპასუხო შეხვედრას მოვიგებთ და ფინალში გავალთ. ჯერ კიდევ ბევრი რამისთვის შეიძლება თამაში, ბევრი ქულაა გასათამაშებელი, მოვიცადოთ და ვნახოთ".ხანგრძლივი უქმობის შემდეგ ჯონსი ბედნიერია, რომ დიდ მატჩში მონაწილეობა კვლავ შეძლო.
"ეს არის, რასაც "იუნაიტედის" მოთამაშეობა ნიშნავს, ასეთ მატჩებში მონაწილეობას და იმედი მაქვს, მომდევნო კვირას უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ და სამ ქულას ავიღებთ "სტოკის" წინააღმდეგ."წყარო:
manutd.com