"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა უეინ რუნი კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა წოდებაში სერ ბობი ჩარლტონთან გათანაბრება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ინგლისელი ერთპიროვნულ ლიდერობას "ლივერპულთან" მატჩში მოიპოვებს.
"რედინგთან" გატანილი გოლი "იუნაიტედის" კაპიტნისთვის 249-ე გამოდგა "წითლების" რიგებში, რითაც ლეგენდარული სერ ბობი ჩარლტონის მიღწევა გაიმეორა, მაგრამ იმისათვის, რომ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვოს, რუნის კიდევ ერთი გოლი სჭირდება.
სქოულზი ყოფილ თანაგუნდელს ულოცავს: "დიდებული მიღწევაა. ბევრი ტიტული აქვს მოგებული და ის, რამაც უფრო მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება მისი მონდომება და დამშეულობაა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბში დიდი ხანია თამაშობს.
მწვავედ გამოიყურებოდა, დიდებულ მოძრაობებს აკეთებდა, ბურთს კარგად ეპყრობოდა, მთელი მისი თამაში კარგი იყო. იმედი ვიქონიოთ, რომ რეკორდს "ლივერპულთან" დაამყარებს.
ამ გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეჰქონდა, ბევრი ტიტული მოიგო, განსაკუთრებული გოლები გაიტანა. საოცარი გოლები აქვს გატანილი - დარტყმები საჯარიმოს გარედან, ჭკვიანური გადაგდებები, მოედნის ცენტრიდან გატანილი.
ამ კლუბის სენსაცია იყო და დიდხანს ასე უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა სქოულზმა და ხუმრობით დაამატა: "რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩემგან ისწავლა".