ინგლისის თასზე "რედინგის" კარში გატანილი გოლით უეინ რუნიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდება ბობი ჩარლტონთან გაიყო.
31 წლის ფეხბურთელი ინგლისის თასის მესამე რაუნდის გათამაშების დებიუტში იაპ სტამის გუნდის წინააღმდეგ გოლით გამოირჩა და ამით სერ ბობი ჩარლტონის მიერ 1956 წლიდან 1973 წლამდე ნაჩვენებს შედეგს გაუთანაბრდა.
კაპიტანმა ხუან მატას გადაცემით ისარგებლა და მუხლით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში.
შეგახსენებთ, რომ რუნი 2004 წლიდან ირიცხება "იუნაიტედის" შემადგენლობაში და მას 249 გოლის გასატანად ჩარლტონთან შედარებით 4 წლითა და 215 მატჩით ნაკლები დასჭირდა. მან რეკორდის დასამყარებლად 543 მატჩი ჩაატარა.
ყველა შედეგიანი სეზონი რუნის 2009/10 და 2011/12 წლებში ჰქონდა, როცა ორივე სეზონში ყველა ტურნირზე 34-34 გოლი გაიტანა.
რუნი უკვე კლუბისა და ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ნაკრებში მას ამისთვის 119 მატჩი და 53 გოლი დასჭირდა, რაც ასევე აუმჯობესებს ჩარლტონის 49-გოლიან რეკორდს, რისთვისაც ლეგენდარულმა ბობიმ 106 მატჩი ჩაატარა.
იმისათვის, რომ რუნი ერთპიროვნული ლიდერი გახდეს კლუბის ბომბარდირთა დავაში, მას კიდევ ერთი გოლის გატანა სჭირდება.