"ნიცას" პრეზიდენტი ჟან-პიერ რივიე აცხადებს, რომ მისი კლუბი აღარ ეცდება მემფის დეპაის შეძენას, რადგანაც მასში მოთხოვნილი თანხის გადახდას ვერ ახერხებს.
ჰოლანდიელი ვინგერი ჟოზე მოურინიოს გეგმებში საერთოდ აღარ შედის და პორტუგალიელმა მწვრთნელმა მას მხოლოდ 20 წუთი მისცა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში.
ინგლისში უმაღლესი პერსპექტივის მქონე ფეხბურთელად მოსვლის შემდეგ დეპაის სათამაშო პრაქტიკა სულ უფრო და უფრო უმცირდება, ბოლო პერიოდში კი იგი მატჩის განაცხადშიც კი ვერ ხვდება.
მისი სამსახურით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა, რომელთა შორის "ევერტონი" ყველაზე რეალურ პრეტენდენტად ითვლება.
დეპაის შეძენა სურდა "ნიცასაც", რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატში ლიდერობის შენარჩუნებას აპირებს. მაგრამ "იუნაიტედის" მიერ მოთხოვნილი 25 მლნ. ფუნტის გადახდა ვერ შეძლო.
"სხვა ბევრი კლუბის მსგავსად ჩვენც გვინდოდა მისი შეძენა, მაგრამ საშინლად ძვირია. ამ სიტუაციას ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები ვერ გასწვდება. იმ კლუბში იმყოფება, რომელსაც მასში გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება სურს.
როცა დეპაის ვაკვირდებოდით, სულ სხვა გზით გვსურდა მისი გადაბირება, რაც დღეს შეუძლებელია. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ძვირად შეიძინა და ახლა მისი გაყიდვა უნდათ, მაგრამ ჩვენ ამ სიტუაციაში ვერავის გავუწევთ კონკურენციას", - განაცხადა "ნიცას" პრეზიდენტმა.