მეორე ტაიმში შეცვლაზე შესული ხუან მატა და მარკუს რეშფორდი მოხარულები არიან, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" 2017 წლის სტარტზე "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვეს.
აკადემიის აღზრდილმა რეშფორდმა მარცხენა ფლანგზე შესანიშნავად მოქმედების შემდეგ მატას საგოლე გადაცემა მიაწოდა, ამ უკანასკნელმა კი დაძაბულ მატჩში ანგარიში გახსნა. მართალია, იბრაჰიმოვიჩმა მოგვიანებით მეორე გოლიც გაიტანა, მაგრამ უდავოა, რომ პირველ გოლს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
"ერთ-ერთ იმ რთულ მატჩს ჰგავდა, როცა შანსებს ქმნი, მაგრამ გოლებს ვერ იტან. საბედნიეროდ, მე შევძელი მარკუსის პასის დაგვირგვინება და მერე მეორე გოლიც დავუმატეთ, რის გამოც ბედნიერები ვართ, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ", - განაცხადა მატამ.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა მწვრთნელისგან სპეციალური ინსტრუქციები მიიღო, როცა მოედანზე შედიოდა: "მწვრთნელმა მითხრა, რომ ფლანგზე დავრჩენილიყავი და მაქსიმუმი გამეკეთებინა მცველებისთვის პრობლემების შესაქმენლად. როგორც კი თავი ავწიე, საჯარიმოს კიდესთან თავისუფლად მდგარი ხუანი დავინახე და საბედნიეროდ მან ძალიან კარგად შეასრულა."
ორშაბათს მოპოვებული გამარჯვება უკვე ზედიზედ მეშვიდეა ყველა ტურნირზე ჩატარებულ მატჩებში და პრემიერ ლიგის ოთხეულს გუნდი მინიმუმ დღევანდელ მატჩებამდე ერთი ქულით ჩამორჩება.
"ცხრილის სათავეში ყველაფერი ვიწროდაა. მეორე და მეექვსე ადგილს შორის დიდი განსხვავება არაა. თავდაჯერებულები ვართ და ვიცით, რომ მხოლოდ მატჩების მოგება უნდა განვაგრძოთ, რათა ჩვენ წინ მყოფ გუნდებზე ზეწოლა მოვახდინოთ", - დაასრულა ინგლისელმა.