"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ენტონი მარსიალს მოუწოდა, რომ მხოლოდ მწვრთნელის რჩევა-დარიგებას მოუსმინოს და აგენტის სიტყვებს ყურადღება არ მიაქციოს.
რამდენიმე დღის წინ 21 წლის ფეხბურთელის წარმომადგენელმა საჯაროდ განაცხადა, რომ ფრანგი "სევილიაში" გადასვლის ვარიანტს განიხილავს, რითაც "ოლდ ტრაფორდზე" მისი მომავალი ეჭვქვეშ დააყენა.
თუმცა, მოურინიოს სულაც არ სურს განშორება მარსიალთან, რომელმაც გუშინ თავისი გოლით "წითლებს" "მიდლსბროს" დამარცხებაში დახმარება გაუწია. "ითამაშა, გაიტანა, იბრძოლა. ვიცი, რომ ტოპ-კლასის ნიჭი აქვს, მაგრამ მხოლოდ მე უნდა მისმინოს და არა თავის აგენტს. უნდა მისმინოს ვარჯიშებზე, სადაც ფეხბურთელთა გაუმჯობესებას ვცდილობ.
ვიცოდი, რომ მხითარიანი უდიდეს ნიჭს ფლობს, მაგრამ მატჩებში არ ვიყენებდი. ენტონიმ მე უნდა მისმინოს და არა თავის აგენტს. ყოველდღე ვარჯიშზე მე უნდა მომისმინოს. ფეხბურთელებს ნებისმიერი სახის დახმარებას აღმოვუჩენ, რათა გავაუმჯობესო.
მხითარიანის აგენტი თითქმის ყოველდღე მირეკავდა და მეუბნებოდა: "ჰენრიხი თქვენთანაა, უკეთესი გახდება, განაგრძეთ. მარსიალის შემთხვევაში კი ყოველდღე ვკითხულობ, რომ "სევილიაში" მიდის, მარსიალი იჯარით მიდის, მარსიალი ბედნიერი არ არის. მან მე უნდა მისმინოს. ენტონის საოცარი პირობები აქვს იმისათვის, რომ ტოპ-კლასის ფეხბურთელი გახდეს." - განაცხადა მოურინიომ.