ჟოზე მოურინიომ აღიარა, რომ მემფის დეპაისა და ეშლი იანგს "მანჩესტერ იუნაიტედში" თავის გამოჩენის შანსი არ მისცა და ამის გამო თავს ცუდად გრძნობს.
მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე დეპაიმ მხოლოდ ერთი მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში და იანვარში "ოლდ ტრაფორდის" დატოვებას აპირებს, მისით კი "ევერტონი" ინტერესდება.
31 წლის იანგი კი სათადარიგოთა სკამის რეგულარული წევრია და მის ანგარიშზე მხოლოდ რვა მატჩი ირიცხება მიმდინარე სეზონში.
მოურინიო აცნობიერებს, რომ ვინგერებისთვის ზედიზედ რამდენიმე მატჩის ჩატარების საშუალება არ მიუცია, თუმცა ამის მიზეზი გუნდში არსებული კონკურენცია იყო.
"ჯერ კიდევ ცუდად ვგრძნობ თავს იმის გამო, რომ ყველას ვერ მივეცი თავის გამოჩენის შანსი.
ჩვენს გუნდში რამდენიმე პოზიციაა, სადაც უამრავი ფეხბურთელი გვყავს.
სიმართლე გითხრათ, ეშლი იანგსა და მემფის დეპაის რამდენიმე მატჩი ვერ ჩავატარებინე ზედიზედ, რათა თავიანთი შესაძლებლობები დაემტკიცებინათ.
ამიტომაც თავს ცოტათი ცუდად ვგრძნობ" - აღიარა მწვრთნელმა.