ლონდონის "არსენალი" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯესი ლინგარდის გადაბირებას ეცდება და ფეხბურთელის დაინტერესებას ორმაგად გაზრდილი ხელფასით ეცდება.
23 წლის ინგლისელი ვინგერის მოქმედი კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და არსენ ვენგერი სერიოზულადაა დაინტერესებული ჯესის თავის გუნდში ხილვით. ჩრდილოეთ ლონდონში გადასვლის შემთხვევაში ლინგარდი კვირაში 120 ათას ფუნტს მიიღებს ხელფასის სახით.
ვენგერს ამ თანხასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ აქვს, რადგან ლინგარდს ინგლისის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევს.
მაგრამ ვენგერს სხვა საზრუნავიც აქვს, რომელიც უფრო პრიორიტეტულია - მას ჯერ არ გაუფორმებია ახალი კონტრაქტი ალექსის სანჩესთან და მესუთ ოზილთან, რომელთაგან პირველს ჩინური კლუბები თვიურ 1.6 მილიონ ფუნტს სთავაზობენ ხელფასის სახით, ხოლო მეორეს თავად "იუნაიტედი" გადაუხდის კვირაში 300 ათას ფუნტს.
მოურინიო ოზილთან ჯერ კიდევ მადრიდის "რეალში" მუშაობდა და მათ კარგი ურთიერთობა აქვთ. ჟოზესთვის ცნობილია, რომ ოზილის სატრანსფერო ღირებულება ზაფხულში დაეცემა, როცა მხოლოდ ერთი წელიღა დარჩება "მეთოფეებთან" გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, რაც იმას ნიშნავს, რომ ლონდონელებს მისი უფასოდ დაკარგვის საშიშროება გაუჩნდებათ.