"ვესტ ჰემთან" ლიგის თასზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ თავის ემოციას "ნამდვილი ბედნიერება" უწოდა.
"წითლებმა" 4-1 დაამარცხეს თავიანთი მეტოქი და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც "ჰალ სიტის" დაუპირისპირდებიან.
მოურინიო კენჭისყრის შედეგსაც შეეხო და "ჩაქუჩებზე" მოპოვებულ გამარჯვებასაც.
სასიამოვნო თამაში
"კომფორტულად მოვიგეთ, ლამაზი და შემტევი ფეხბურთით. გოლებს პლუს კარგი თამაში უდრის ნამდვილ ბედნიერებას. შედეგით ნასიამოვნები ვარ, რადგან თამაშით აქამდეც კარგად ვთამაშობდით. სახლში ძალიან, ძალიან კარგად გამოვიყურებით და ახლაც ასე იყო. ვფიქრობ, მათი გოლიდან 10 წუთის განმავლობაში ამას განიცდინენ. ფეხბურთელები ემოციებს ვერ მალავდნენ, რადგან "ვესტ ჰემმა" პირველი დარტყმით გაათანაბრა, თუმცა მეორე ტაიმში კვლავ ვიპოვეთ თავდაჯერებულობა".
შემტევი ფეხბურთი
"ჩვენი შემტევი ფეხბურთის სიმშვენიერე მატჩიდან მატჩამდე იზრდება, მაგრამ ამჯერად გოლებიც გავიდა, როგორც ეს "ფეიენოორდთან" მატჩში მოხდა. ერთ-ერთი, რასაც ჩემს თავს ვთავაზობდი, ისეთ კლუბში მისვლა იყო, რომელიც ხალხისთვის მოსაწონ ფეხბურთს თამაშობს, "მანჩესტერ იუნაიტედში" კი ეს ტრადიციაა, ამიტომაც ძალიან ბედნიერი ვარ." შთამაგონებელი სიტყვები
"შესვენებაზე ვუთხარი: "დაივიწყეთ "ვესტ ჰემის" გოლი, ძალიან კარგად ვთამაშობთ". თავდაჯერებულობა უნდა შეგვენარჩუნებინა და ის გოლი დაგვევიწყებინა, რადგან უნდა მოგვეგო. მინდოდა, რომ ისეთივე თვითრწმენა გამოგვევლინა და მეორე ტაიმში გოლები გავიდა."
სელექციის თავისტკივილი
"მტანჯავს, მტანჯავს. ჩემთვის ძალიან რთულია დეპაისა და ეშლი იანგის სახლში დატოვება. ასევე ვიტანჯებოდი, როცა წინა კვირას მარსიალის დატოვება მომიხდა, მომდევნო კვირას კი სხვა ვინმე უნდა დავტოვო. ამ პოზიციაზე ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რაც ჩემთვის კარგია, მაგრამ მათთვისაა ცუდი. ფეხბურთელს მატჩების ჩატარება სჭირდება, მე კი ყველას ვერ ვათამაშებ, ამიტომაც მტანჯავს."
ნახევარფინალები
"ორმატჩიანი ეტაპებია, ამიტომ კენჭისყრას მშვიდად შევხვდი. თუ გუნდი ამ ეტაპამდე მოდის, ნიშნავს, რომ ტურნირში ყველაფერი ჩადო. ორმატჩიანი დაპირისპირება კენჭისყრას ხიბლს უკარგავს, რადგან სახლში ითამაშებ თუ გასვლაზე, აღარ ნერვიულობ, ორივეგან მოგიწევს თამაში. დარწმუნებული ვარ, "ჰალ სიტის" გასული სეზონიდან "უემბლიზე" კარგი მოგონებები დარჩა და ყველაფერს გააკეთებენ იქ მოსახვედრად. ჩვენ იქ გასულ სეზონში და აგვისტოში ვითამაშეთ - "იუნაიტედის" მსგავსი კლუბი უნდა აკეთებდეს კიდეც ამას, "უემბლიზე" რეგულარულად უნდა ბრუნდებოდეს. ჩვენ ვეცდებით; იანვარში გაიმართება, ამიტომაც ჯერჯერობით მაგაზე ფიქრს არ ვაპირებთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ფინალში გავალთ."