ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა ერიკ დაიერმა აღიარა, რომ ანდერ ერერასადმი სიბრაზეს არ მალავს.
"უემბლიზე" ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში, მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ერერამ დაიერს იდაყვი ჩაარტყა სახეში. ეპიზოდი მსაჯს ყურადღების მიღმა დარჩა, მაგრამ მატჩის შემდეგ ერიკი ძლიერ გაბრაზდა.
დაიერის თქმით, ესპანელისგან ბოდიშის მიღების სურვილი არ აქვს და მასთან შეხვედრას პრემიერ ლიგაში "ტოტენჰემისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩში დაელოდება.
"ყველან დაინახა, რაც გააკეთა, მის საქციელს ახლაც ვგრძნობ სახეზე. გადაცემა გავაკეთე, მცირე ხანი გავიდა, ის კი სახეში იდაყვს მარტყამს. არ მესმის, ასე რატომ მოიქცა.
არ ვიცი, რა მოტივი ჰქონდა მის ამ საქციელს, ასეთი რამეები საერთოდ არ მომწონს. ორთაბრძოლაში აგრესიულად შესვლის წინააღმდეგ არ ვარ, მაგრამ ეს მეტისმეტად ბინძური და სრულიად უადგილო ქმედება იყო.
მისი ბოდიში არ მჭირდება, მითუმეტეს, რომ მალე შევხვდებით. არ ვიცი, რატომ ჩაიდინა ასეთი რამ და ამიტომაც ვარ ასეთი გაცოფებული", - განაცხადა "სამ ლომთა" ნახევარმცველმა.