"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა მაიკლ კერიკმა აღიარა, რომ მიმდინარე სეზონი მისთვის უკანასკნელი შეიძლება გამოდგეს ფეხბურთელის რანგში.
ინგლისელი "წითელი ეშმაკების" რიგებში მე-11 სეზონს ატარებს. ამ ხნის განმავლობაში მან პრემიერ ლიგაში დაახლოებით 300 მატჩი ჩაატარა, ხუთჯერ მოიგო ჩემპიონის ტიტული, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის თასი.
"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ ერთ-ერთი პირველი, რაც ჟოზე მოურინიომ გააკეთა, კერიკთან კონტრაქტის გახანგრძლივე იყო, თუმცა მაიკლს ესმის, რომ კიდევ 12-თვიანი კონტრაქტის მიღება მას გაუჭირდება.
"დიახ, ამ სეზონის შემდეგაც მინდა თამაში, მაგრამ უკვე 35 წლის ვარ და რეალობას უნდა შევეგუო. არავითარი პროგნოზის გაკეთებას არ ვაპირებ მომდევნო სეზონში ჩემი გადაწყვეტილების შესახებ.
ჯერ შობაც კი არ მოსულა, მე კი რაც შეიძლება მეტი მატჩის ჩატარება მინდა. ვნახოთ, როგორ ვიგრძნობ თავს, როგორ იგრძნობს თავს ჩემი ორგანიზმი. ეს საუკეთესო გადამწყვეტი ფაქტორი იქნება იმისა, შევძლებ თუ არა გაგრძელებას. ვნახოთ, რას ვიგრძნობ, რას იგრძნობს მწვრთნელი.
ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო, ამიტომ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებ", - განაცხადა კერიკმა.