ლეგენდარული ნახევარმცველის "იუნაიტედში" დაბრუნების საშუალებად კლუბის მიერ შეთავაზებული სამსახური შეიძლება იქცეს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის თავისი ლეგენდის, პოლ სქოულზის საკლუბო სტრუქტურაში დასაბრუნებლად.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სქოულზი "იუნაიტედის" ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია ტელევიზიაში ექსპერტად მუშაობის პერიოდში, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა ამაში დიდ პრობლემას ვერ ხედავს.
Daily Mail-ი ამტკიცებს, რომ "წითელი ეშმაკები" არ აპირებენ პოლთან აქტიური მოლაპარაკებების წარმოებას, მაგრამ თუკი ინგლისელი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების სურვილს გამოთქვამს, კლუბის ხელძღვანელობა ამას მხოლოდ მიესალმება.
სქოულზის გადაბირების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც "იუნაიტედმა" სარეზერვო გუნდის მწვრთნელი უორენ ჯოისი დაკარგა. წყაროს ცნობით, აწ უკვე "უიგანის" მწვრთნელის შემცვლელის პოვნა ნიკი ბატს დაევალა, რომელიც ამავდროულად "წითლების" აკადემიის ხელმძღვანელი და სქოულზის ყოფილი თანაგუნდელია.
ნიკი და პოლი ადრე ერთად წვრთნიდნენ "იუნაიტედის" 19-წლამდელთა გუნდს, სქოულზი ასევე იყო რაიან გიგზის სამწვრთნელო შტაბის წევრი, როცა უელსელმა "იუნაიტედი" დროებით ჩაიბარა დევიდ მოიესის გათავისუფლების შემდეგ.
41 წლის სქოულზი არასდროს მალავდა, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სამწვრთნელო საქმიანობის განახლება სურს. დაბრუნება კლუბში, რომელთან ერთადაც 11-ჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, შესაფერის შესაძლებლობად შეიძლება იქცეს.
წყარო:
dailymail