"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიო "ჩელსიდან" თავისი გაძევების შესახებ კომენტარი გააკეთა.
გასული წლის დეკემბერში ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ პორტუგალიელთან კონტრაქტი ნაადრევად გაწყვიტა, რის შემდეგ ჟოზე დროებით უმუშევარი იყო, მოგვიანებით კი "იუნაიტედს" ჩაუდგა სათავეში.
სწორედ "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის რანგში ეწვევა იგი "სტემფორდ ბრიჯს", სადაც თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის წინ კი მან განაცხადა, რომ "ჩელსიში" მესამედ დაბრუნებას არ აპირებს, რადგანაც უკვე იპოვა კლუბი, სადაც დიდი ხნით ყოფნა სურს.
"გაძევება - ეს ფეხბურთის ნაწილია. ბევრ საუკეთესო მწვრთნელს განუცდია ეს მომენტი. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისი, მაგრამ ეს ყველას შეიძლება დაემართოს, განსაკუთრებით თანამედროვე ფეხბურთში. ვფიქრობ, ისეთი კლუბიდან რომ გავეძევებინე ვინმეს, რომელსაც ვერაფერი შევძინე, მძიმე შეგრძნებებით წავიდოდი.
მაგრამ, როცა ისეთი კლუბიდან მიდიხარ, რომელსაც მუშაობის ორ პერიოდშო ტიტულები მოუტანე და გულშემატკივარს ცხოვრებაში საუკეთესო მოგონებები აჩუქე, ასეთი შეგრძნებით მიდიხარ: "ჩემი საქმე გავაკეთე".
არა მგონია, უნდოდეთ, მაგრამ რომ სურდეთ კიდეც, ვერ შეძლებდნენ "ჩელსის" ისტორიიდან ჩემს ამოშლას. ისინიც ჩემი ისტორიის ნაწილი არიან. ერთმანეთის მიმართ ცუდად განწყობილნი არ ვართ.
ჩემი გაძევება მფლობელმა გადაწყვიტა - გულშემატკივარს უფლებამოსილება არ აქვს. ისინი ყოველდღე, ყოველ მატჩში მიმტკიცებდნენ, რომ ჩემი შენარჩუნება სურდათ, მაგრამ ასეთ კლუბში გულშემატკივარი არაფერს წყვეტს.
ზოგიერთ კლუბში, განსაკუთრებით ლათინურ ქვეყნებში, კლუბების ფორმატი ისეთია, რომ გულშემატკივრებს ხელმძღვანელობასა და პრეზიდენტზე ნამდვილი გავლენა აქვთ, მაგრამ აქ ასე არ არის, ამიტომ მისტერ აბრამოვიჩმა გამაძევა. მაგრამ ისე წავედი, ერთი ცუდი სიტყვაც კი არ მითქვას კლუბში მყოფ რომელიმე ადამიანზე.
ამის შემდეგ ჩემი პრიორიტეტი პრემიერ ლიგაში დარჩენა იყო. და ბედნიერი ვარ, რომ ისეთი დიდი კლუბის მწვრთნელი ვარ, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია".
დავბრუნდები თუ არა "ჩელსიში"? იმედი მაქვს, არა. ჭეშმარიტად. იმიტომ, რომ მინდა "იუნაიტედში" დიდი, დიდი ხნით დავრჩე. ეს, ალბათ, თავისთავად აღნიშნავდა, რომ პრემიერ ლიგაში სხვა კლუბის ძებნა არ მომიწევს, ამიტომაც მაქვს ამის იმედი", - განაცხადა პორტუგალიელმა.