"მანჩესტერ იუნაიტედის" "მეფე" "ოლდ ტრაფორდზე" ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადასვლას მიესალმა, მაგრამ შვედს აცნობა, რომ "ოცნების თეატრს" ერთადერთი მმართველი ჰყავს.
Eurosport-ის მორიგ რეკლამაში ფრანგმა კვირის მთავარი საფეხბურთო თემები მიმოიხილა და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალსაც შეეხო, იბრაჰიმოვიჩს კი, მანჩესტერის წითელი მხარის საამაყო ლეგენდამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. თუმცა, 50 წლის კანტონამ შვედს აცნობა, ვინ არის გვირგვინის მფლობელი.
"ზლატანისთვის პირადი შეტყობინება მაქვს. შენ გადაწყვიტე, წითელი გამხდარიყავი, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც კი ოდესმე მიგიღია.
როცა "ოცნების თეატრში" გაივლი და იქ მანამდე მყოფ ლეგენდათა აჩრდილს შეიგრძნობ, როცა "სტრეტფორდ ენდის" წინ გოლს გაიტან; როცა მოისმენ, როგორ მღერის გულშემატკივარი შენს სახელს; როცა გული ისე ძლიერ დაგიწყებს ძგერას, რომ საგულედან ამოვარდება; როცა მათ მიმართ ისეთივე სიყვარულს იგრძნობ, როგორსაც ისინი გრძნობენ შენ მიმართ; მხოლოდ მაშინ მიხვდები, ჩემო მეგობარო, რომ ბოლოს სახლში ხარ.
მხოლოდ ერთი რამ დამრჩა. მანჩესტერს მხოლოდ ერთი მეფე ჰყავს. თუ გინდა, შეგიძლია, პრინცი იყო და ნომერი შვიდიც შენია, თუკი გაინტერესებს. ეს არის ჩემი საჩუქარი შენთვის.