მემფის დეპაიმ აღნიშნა, რომ გასულ სეზონში ტურნეზე ყოფნამ მას ნათლად დაანახვა, თუ რამდენად დიდებული კლუბია "მანჩესტერ იუნაიტედი".
ჰოლანდიელმა შემტევმა "იუნაიტედის" მაისურით პირველად 2015 წლის წინასასეზონო ტურნეზე ითამაშა, როცა "წითლებმა" ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 მატჩი ჩაატარეს.
მემფისი ამჯერად ჩინეთში ჩავა გუნდთან ერთად და ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება აზიის ამ ქვეყანაში: "ამერიკაში წინა ტურნეზე დიდი მხარდაჭერა გვქონდა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ესოდენ დიდი იქნებოდა და ამდენი მხარდამჭერი გვეყოლებოდა მთელ მსოფლიოში. ამ კლუბს ყველგან დიდი გავლენა აქვს".
მემფისი ასევე ამბობს, რომ ფეხბურთელებს ძალიან სურთ დორტმუნდის "ბორუსიასა" და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ კარგად თამაში.
"ვფიქრობ, ორივე მატჩი რთული იქნება. რა თქმა უნდა, დერბი ჩვენთვისაც და გულშემატკივრებისთვის ბევრს ნიშნავს. ამ მატჩების მოგება მნიშვნელოვანია.
"სიტისთან" დიდი დაპირისპირება გვაქვს და როცა მატჩს ვიგებთ, ყოველთვის კარგი ატმოსფერო სუფევს. ვიცით, რომ იქ დიდი მხარდაჭერა გვექნება, ასე რომ, უნდა მოვიგოთ და თავს ისე ვიგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში!
"დორტმუნდს" ძლიერი გუნდი ჰყავს და მისი დამარცხება რთული იქნება. სეზონის წინა პერიოდია, ასე რომ, ჩვენს სიმწვავეზე ვიმუშავებთ და თამაშზეც ასევე, ამას კი მოუთმენლად ველი. ვფიქრობ, აქ გამოჩნდება, რადმენად ძლიერი გუნდი გვყავს, ამის ცოდნა კი ყოველთვის კარგია".