უეინ რუნი აცხადებს, რომ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს როი ჰოჯსონისადმი რწმენა არასდროს დაუკარგავთ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნის თქმით, ევროპის ჩემპიონატიდან გავარდნილი "სამი ლომის" მთავარ მწვრთნელს ყოველთვის ჰქონდა გუნდის მხარდაჭერა და პრესაში გავრცელებულ საწინააღმდეგო ცნობას მან სრული აბსურდი უწოდა.
ევროპის ჩემპიონატზე ოდესმე მოასპარეზე ქვეყანათა შორის ყველაზე მცირერიცხოვანი ერის წარმომადგენლებმა, ისლანდიელებმა ტურნირის 1/8 ფინალში ინგლისელები დაამარცხეს, რასაც "ლომების" მთავარი მწვრთნელის გადადგომა მოჰყვა 20 წუთის შემდეგ.
სამშაბათს პრესა აქტიურად წერდა, რომ ჰოჯსონის შეგირდებს მის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდათ, მაგრამ კაპიტანმა ეს უარყო.
"მედია საშუალებებში ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ მინდა ვთქვა, რომ ეს სრული აბსურდია.
ფეხბურთელები სრულ მხარდაჭერას ვუცხადებდით მწვრთნელს, მაგრამ მისი გადადგომის მიზეზები გასაგებია.
მისი გვჯეროდა ტურნირისთვის მომზადების პროცესში და მისი მიმდინარეობისას", - განაცხადა რუნიმ.