ჟოზე მოურინიო ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარდაცვაში ბევრი ცვლილების განხორციელებას აპირებს, მაგრამ პეტერ შმეიხელს მიაჩნია, რომ პოლ სქოულზის შემცვლელი გუნდს უეინ რუნის სახით უკვე ჰყავს.
ინგლისის ნაკრების კაპიტანი ევროპის ჩემპიონატზე სწორედ ნახევარდაცვაში ასპარეზობდა და ისლანდიასთან მატჩში ერთი გოლიც გაიტანა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ გუნდი მომდევნო ეტაპზე გასულიყო.
რაც შეეხება "იუნაიტედს", რუნი "ოლდ ტრაფორდზეც" ითავსებდა ნახევარმცველის როლს ლუი ვან გაალის მწვრთნელობის პერიოდში, მომდევნო სეზონიდან კი თავად ფეხბურთელიც ამ პოზიციაზე ხედავს თავის თავს.
რუნისა და მწვრთნელების ამ გადაწყვეტილებას იწონებს "იუნაიტედის" ყოფილი მეკარე პეტერ შმეიხელი.
"მომწონს რუნი ნახევარდაცვაში. ეს ბევრჯერ მითქვამს. იმდენად განსხვავებულია, რომ მას შეეძლო ინგლისის წარმატებასა და წარუმატებლობას შორის შუალედი ყოფილიყო.
ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვთქვი, რომ ერთ დღეს ნახევარდაცვაში ითამაშებდა და ყველაზე სასაცილო ამაში ის არის, რომ ხალხმა "თვითერზე" ირონიული რეაქცია გამოავლინა: "რა ჯანდაბას ამბობთ?"
მაგრამ რუნის შეუძლია იმავე როლის შეთავსება, რასაც პოლ სქოულზი აკეთებდა. უეინი სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება. ბურთს შესანიშნავად ეპყრობა, თამაშს იდეალურად ხედავს, მატჩს წარმართავს და თანაგუნდელებს ისე ამჩნევს, როგორც არავინ", - განაცხადა დანიელმა.