ტაჰიტ ჩონგმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" 21-წლამდელთა გუნდში თამაშის შესაძლებლობამ მის არჩევანზე დიდი გავლენა მოახდინა.
16 წლის ვინგერი როტერდამის "ფეიენოორდიდან" მანჩესტერში მომდევნო თვეში გადავა. ჩონგი ერთ-ერთია იმ მრავალ ახალგაზრდას შორის, რომლებიც "იუნაიტედის" აკადემიაში წელს გადავიდნენ.
"მანჩესტერში A1 აკადემიაში დავიწყებ და ხანდახან 21-წლამდელთა გუნდშიც ვითამაშებ. იქ რამდენიმეჯერ ვარ ნამყოფი და კლუბით მართლაც მოვიხიბლე. "იუნაიტედს" ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კარგი პირობები აქვს შექმნილი და ახლა ჩემზეა დამოკიდებული მომდევნო ნაბიჯის გადადგმა. ჩემი მშობლები ინგლისში ჩავლენ, მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია", - განაცხადა ჩონგმა.
ტაჰიტს "ფეიენოორდში" დარჩენა სურდა, მაგრამ "იუნაიტედის" ენთუზიაზმმა მოხიბლა.
"კონტრაქტზე საუბრები მიმდინარეობდა. "ფეიენოორდში" დიდი ხნით დარჩენას ვისურვებდი, რადგან ეს ჩემი კლუბია.
მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, მე კი უფრო მეტს ველოდი. მხოლოდ ამის შემდეგ წავედი "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკებაზე და ეს ვარიანტი ავირჩიე.
ბევრს ეგონა, რომ ასე ფულის გამო მოვიქეცი, მაგრამ ფულის ქურდი არ ვარ. მე სპორტული თავგადასავალი ავირჩიე და ახლა წინ ვიხედები".