"ევერტონი" შნეიდერლინით ინტერესდება.
რონალდ კუმანს "ევერტონში" თავისი ყოფილი შეგირდის, მორგან შნეიდერლინის გადაბირება სურს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ჰოლანდიელის სპეციალისტის სატრანსფერო სამიზნეთა სიის სათავეში მოექცა და სწორედ მისი დახმარებით ცდილობს კუმანი "გუდისონ პარკზე" ახალი ეპოქის დაწყებას.
კუმანი "ევერტონში" მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას აპირებს, რამეთუ 35 წლის გარეთ ბერი უკვე კარიერის დასასრულშია, ხოლო მუჰამედ ბეშიჩი, ჯეიმს მაკკარტი და ტომ ქლევერლი საჭირო დონეზე ვერ თამაშობენ.
კუმანის აზრით, შნეიდერლინი გაცილებით დიდ დახმარებას გაუწევს დაცვის ხაზის ოთხეულს, რაც გასულ სეზონში "კანფეტებისთვის" დიდ პრობლემას წარმოადგენდა.
ფრანგი ნახევარმცველი და ჰოლანდიელი მწვრთნელი ერთად "საუთჰემპტონში" ერთი სეზონის განმავლობაში მუშაობდნენ და ორივე კარგად იცნობს ერთმანეთის შესაძლებლობებს. სწორედ "სენტ მერიდან" შეიძინა ლუი ვან გაალმა შნეიდერლინი, მიუხედავად იმისა, რომ "წმინდანებს" მისი გაყიდვა არ სურდათ.
თუმცა "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შემდეგ მორგანი ნამდვილად არ ითვლებოდა ლუი ვან გაალის პირველ არჩევნად და მისი მომავალი არც ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობისას იქნება სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის გარანტიით მოცული. მოურინიო ნახევარდაცვაში თავისი ყოფილი შეგირდის, ნემანია მატიჩის დამატებას აპირებს.
გარდა ამისა, გუნდის შემადგენლობაში არიან მაიკლ კერიკი და ბასტიან შვაინშტაიგერი, რომელთაგან პირველმა კონტრაქტი გაახანგრძლივა, ხოლო მეორემ ტრავმა მოირჩინა.
წყარო:
mirror