ფელიპე ანდერსონმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ იცის, რატომ არ შედგა მისი ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში".
"იუნაიტედმა" 2015/16 წლების სეზონის დაწყებამდე ანდერსონის შეძენა სცადა, მაგრამ კლუბი მზად არ აღმოჩნდა "ლაციოს" მიერ მოთხოვნილი თანხის დაკმაყოფილებისა და 20 მლნ. ფუნტზე მეტის გადახდისთვის. ამის ნაცვლად "იუნაიტედმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ენტონი მარსიალი შეიძინა.
"არ ვიცი რატომ არ გამოვიდა. მაგრამ მშვიდად ვარ, წინ ხანგრძლივი კონტრაქტი მაქვს. კლუბთან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს და როცა ისეთ შემოთავაზებას მივიღებ, რომელიც კარგი იქნება ჩემთვის, განსაკუთრებით კი კლუბისთვის, წავალ", - განაცხადა ბრაზილიელმა.
მიუხედავად იმისა, რომ იტალიური მედია იტყობინებოდა, თითქოს "იუნაიტედი" კვლავ დაუკავშირდა "ლაციოს" ფეხბურთელის ხელმისაწვდომობის შესახებ, "წითლებს" ინტერესი აღარ გამოუვლენიათ და არც ჟოზე მოურინიო აპირებს 23 წლის ფეხბურთელის შეძენას.