ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას პეპ გვარდიოლაზე შურისძიების გამო ისურვებს.
შვედ ფორვარდს დიდი ხანია უკავშირებენ "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას და მისი აგენტი მინო რაიოლა აღნიშნავს, რომ ზლატანის მოტივაცია "მანჩესტერ სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება.
იბრაჰიმოვიჩისა და გვარდიოლას გზები 2010/11 წლებში გადაიკვეთა, როცა "ბარსელონაში" თამაშობდა და მუშაობდა თითოეული მათგანი შესაბამისად. მოგვიანებით კი მათ შორის შუღლი ჩამოვარდა და თავდამსხმელმა ესპანელს თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში მშიშარა უწოდა.
ცხადია, თუკი იბრაჰიმოვიჩი "ოლდ ტრაფორდზე" გადავა, გვარდიოლასა და მისი დაპირისპირება განახლდება.
ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა კი აცხადებს: "ვფიქრობ, გვარდიოლაზე შურისძიება სურს, თუმცა მხოლოდ ამის გამო არ ცოცხლობს, რადგან ორი საფლავი არ უნდა გქონდეს გათხრილი - ერთი შენთვის და მეორე მტრისთვის.
როგორც ჩანს, ბედისწერას სურს მათი შეხვედრა. ერთ-ერთი გამოსავალი პრემიერ ლიგაში გადასვლაა, მაგრამ რადგანაც შვედეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს, ჯერ ეს არ გადაწყდება.
მარცხისგან უფრო მეტს სწავლობ, ვიდრე გამარჯვებისგან და ზლატანმა გვარდიოლასთან მომხდარი ამბისგან გაკვეთილი მიიღო.
როგორც ადამიანი, არც მე მომწონს ის. ზლატანი ამბობს, რომ ის დიდებული მწვრთნელია და მეც შემიძლია ასე ვიფიქრო, მაგრამ ამას არ ვიტყვი".