2 მარტს 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რაიან გიგზმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით "ოლდ ტრაფორდზე" პირველად ითამაშა.
17 წლის უელსელის გზა "ევერტონთან" მატჩით დაიწყო და იქამდე მივიდა, რომ კლუბის რიგებში მატჩების რეკორდული რაოდენობა ჩაატარა, პრემიერ ლიგა 13-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგის თასი ორჯერ აღმართა, ხოლო ინგლისის თასი ოთხჯერ.
ამ შესანიშნავი თარიღის საპატივცემულოდ Sky Sports-ი 25 ფაქტის გახსენებას გვთავაზობს.
გიგზი "იუნაიტედში" 1990 წლის 9 ივლისს გადავიდა, მაგრამ პროფესიონალური კონტრაქტი ოდნავ მოგვიანებით, 29 ნოემბერს გააფორმა.
მოზარდობისას მან "მანჩესტერ სიტის" აკადემია დაამთავრა
მოედანზე პირველად 1991 წელს "ევერტონთან" მატჩის პირველ ტაიმში გამოჩნდა, როცა ტრავმირებული დენის ირვინი შეცვალა. "იუნაიტედი" 0-2 დამარცხდა.
ძირითად შემადგენლობაში პირველი გამოჩენა მან "მანჩესტერ სიტის" კარში გატანილი გოლით აღნიშნა. ის გოლი ერთადერთი გამოდგა აღნიშნულ შეხვედრაში.
ეს პირველი მატჩია იმ 672-დან, რომელიც მან "ეშმაკების" რიგებში ჩაატარა, მათგან 117 სათადარიგოთა სკამზე დაიწყო.
გიგზმა პრემიერ ლიგაში 632-ჯერ ითამაშა - მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ ტურნირის არსებობის ისტორიაში.
გიგზმა პირველი გუნდის რიგებში 22 სეზონში გაიტანა გოლი - თუმცა ბოლო სეზონში მან 22 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.
დევიდ მოიესის დროს მოთამაშე მწვრთნელი გახდა, იმავე წელს მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის რანგში თავისი უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა - "ჰალ სიტისთან" საშინაო გამარჯვება. მოედანზე ტომ ლოურენსი შეცვალა.
კარიერაში მან პრემიერ ლიგაში სულ 109 გოლი გაიტანა, ორჯერ მეტი, ვიდრე მისმა მეგობარმა პოლ სქოულზმა. ჩემპიონატის არსებობის განმავლობაში ეს მე-20 შედეგია.
იმ ფეხბურთელთაგან, რომელთაც მხოლოდ ინგლისის ერთ კლუბში ითამაშეს, მხოლოდ ორმა გაიტანა უფრო მეტი გოლი - ტიერი ანრიმ "არსენალის" რიგებში (175) და სტივენ ჯერარდმა "ლივერპულის" რიგებში (120).
გიგზმა ყველა ტურნირზე 963 მატჩი ჩაატარა. ეს 205-თ მეტია, ვიდრე სერ ბობი ჩარლტონის მიერ ნათამაშები მატჩების რაოდენობა.
გიგზმა ჩარლტონს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადაასწრო. იმ საღამოს "იუნაიტედმა" პენალტების სერიაში დაამარცხა "ჩელსი" და ტიტულს დაეუფლა.
ამ მატჩში გიგზმა გადამწყვეტი პენალტი გაიტანა
ჯამში გიგზმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით სულ 168 გოლი გაიტანა - ეს კლუბის ისტორიაში მეექვსე შედეგია. მეხუთე ადგილზე მყოფ ჯორჯ ბესტს 11-თ მეტი აქვს გატანილი.
პრემიერ ლიგის ერთ სეზონში გიგზის მიერ გატანილი გოლების მაქსიმალური რაოდენობა - 13. მან ეს 1993/94 წლებში მოახერხა.
რაიანი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია - მან 34 თასი მოიგო
მისი პირველი ტიტული ევროპის სუპერთასია, რომელიც 1991 წელს ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" დამარცხების შედეგად მოიგო. უკანასკნელი - ქომუნითი შილდი, რომელიც 2013 აღმართა.
ორჯერ გახდა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (1991/92 და 1992/93) ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოსციაციის ვერსიით და 6-ჯერ მოხვდა წლის სიმბოლურ გუნდში. (1992/93, 1997/98, 2000/01, 2001/02, 2006/07, 2008/09).