დავიდ დე ხეა არსად წასვლას არ აპირებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეამ დაადასტურა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ჟოზე მოურინიოსთან ერთად მუშაობა სურს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ესპანელს "რეალში" გადასვლა შეეძლო, მაგრამ საბუთების მოუგვარებლობის გამო ტრანსფერი არ შედგა.
მიუხედავად იმისა, რომ დე ხეამ "იუნაიტედთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლისგანაც ერთი წელი უკვე ამოწურა, მადრიდში დაბრუნებას მაინც უწინასწარმეტყველებენ. თავად მეკარემ კი ამ პროგნოზს თავისი არგუმენტით უპასუხა.
პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ თუ ლუი ვან გაალი "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩებოდა, დე ხეა კლუბს დატოვებდა, მაგრამ მოვლენები შეიცვალა. პირველი - "იუნაიტედმა" მწვრთნელი შეცვალა, მეორე - "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, კეილორ ნავასის უარყოფას არ აპირებს.
რაც შეეხება თავად დე ხეას პოზიციას, მან აღიარა, რომ "ოლდ ტრაფორდის" დატოვებას არ სურს.
"მოურინიოსა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფილოსოფია იდეალურად ესადაგება ერთმანეთს. ის გამარჯვებულად არის დაბადებული და ვფიქრობ, მისი ხელმძღვანელობით შესანიშნავი გუნდი გავხდებით.
მოქმედი კონტრაქტით სამი წელი მრჩება და "იუნაიტედისთვის" ტიტულების მოტანის სურვილი არ გამქრობია. ამ კლუბის წინაშე ყოველთვის სერიოზული მიზნები იდგა და მინდა, რომ ინგლისის თასი მომავალი წარმატების საფუძველად იქცეს", - განაცხადა მეკარემ.
წყარო:
skysports