ჩემი პირველი ტიტული "იუნაიტედში", როგორც იქნა! კლუბს საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა იმისათვის, რომ ინგლისის თასი, უნიკალური და განსაკუთრებული ტურნირი კიდევ ერთხელ მოეგო, შაბათს კი ეს გავაკეთეთ. მთელი სეზონის განმავლობაში თქვენი მხარდაჭერის გამოვლენის სამაგიეროდ ამ თასის მოგება არა მარტო მაბედნიერებს, არამედ ამაყსაც მხდის. თქვენ ეს დაიმსახურეთ, ნამდვილად.
ფინალისკენ მიმავალი გზა საერთოდ არ იყო ადვილი. იგივე შეიძლება ითქვას "კრისტალ პალასთან" მატჩზეც: დაძაბული იყო, როგორიც დიდი ფინალი უნდა იყოს. ვინც ინგლისურ ფეხბურთს ახლოს იცნობს, მისთვის საიდუმლო ნამდვილად არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ეს ტურნირი განსხვავებული, გამორჩეულია და ასეთივეა "უემბლიზე" გამართული ფინალიც, თავისი საოცარი ატმოსფეროთი. ეს სულ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ. ინგლისის თასის ფინალი დაუვიწყარი გამოცდილებაა: ორგანიზაცია, მატჩის წინა შოუ, მატჩის დაძაბულობა. ჩემდა საბედნიეროდ, მე ორ ფინალში მივიღე მონაწილეობა და ორივე თასის აღმართვით დასრულდა. ამის გამო თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ.
უნდა ვთქვა, რომ მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. "პალასის" რიგებიდან გატანილი პანჩონის გოლის შემდეგ ცოტა დრო გვქონდა რეაგირების მოსახდენად. საბედნიეროდ, რუნიმ დიდებულად ითამაშა, მერე ფელიმ საგოლე პასი მომცა და მე გავიტანე, რამაც მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა. ვითარება კიდევ უფრო გართულდა, როცა კრისი გააძევეს, მაგრამ შემდეგ მოხდა ასე: ჯესიმ ფანტასტიკური გოლი გაიტანა, ტიტული მოგვაპოვებინა და სეზონი საუკეთესოდ დავასრულეთ - თქვენთან ერთად ამ კლუბის დაუვიწყარ ისტორიაში კიდევ ერთი ტიტული ვიზეიმეთ. ფანტასტიკური შეგრძნება იყო. პრემიერ ლიგაში ისეთი კარგი სეზონი არ გამოგვივიდა, როგორც ველოდით, რამეთუ რთული დროება გამოვიარეთ, მაგრამ არასდროს დავნებებულვართ და კლუბის შედეგების გასაზრდელად შრომას ვაგრძელებდით. ვფიქრობ, ფასი არ უნდა დავუკარგოთ იმ ფაქტს, რომ კლუბს 12 წელიწადი დასჭირდა ინგლისის თასის ხელახლა მოსაგებად.
დროა, დავისვენო, ფეხბურთისგან სხვა რამეზე გადავერთო და ელემენტები მომდევნო სეზონისთვის ხელახლა დავტენო. იმედი მაქვს, დიდებული ზაფხული გექნებათ.