"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი მარკუს რეშფორდი ევრო-2016-მდე ინგლისის ნაკრებთან ერთად ივარჯიშებს, მაგრამ ტურნირზე არ გაემგზავრება.
ორშაბათს ინგლისელების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი 23-კაციან განაცხადს გამოაქვეყნებს, ასევე რეზერვებს, რომლებმაც შესაძლოა შეცვალონ მოთამაშე ძირითადი განაცხადიდან, რომელიც ტრავმის მიღების შემთხვევაში ვერ გაემგზავრება საფრანგეთში.
The Guardian იუწყება, რომ როი ჰოჯსონი მოხიბლულია რეშფორდის ტალანტით, რომელსაც "იუნაიტედში" დებიუტი წელს ჰქონდა და ჯერ 21-წლამდე ნაკრებშიც კი არ აქვს შეხვედრა ჩატარებული.
გამოცემის ცნობით, რეშფორდმა შესაძლოა ითამაშოს ამხანაგური მატჩი ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში უახლოეს მომავალში, მაგრამ იგი ვერ შეძლებს ამას 22 მაისს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, რადგან "იუნაიტედს" 21 რიცხვში ინგლისის თასის ფინალი აქვს გასამართი.