მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ მისთვის ოცნების ახდენას ჰგავდა სერ ალექს ფერგიუსონთან ერთად სადილის მირთმევა.
"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, რომელმაც ახალი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა "დეზებთან", სამშაბათს ლონდონის ცენტრში ერთ-ერთ რესტორანში ფერგიუსონთან ერთად შენიშნეს, რომელიც თავის მხრივ დედაქალქში ჩავიდა "ვესტ ჰემისა" და "იუნაიტედის" მატჩზე დასასწრებად.
რა თქმა უნდა, ამ შეხვედრის შემდეგ არაერთი შეკითხვა გაჩნდა იმის შესახებ, თუ რის შესახებ ისაუბრეს არგენტინელმა და შოტლანდიელმა. ამ შეკითხვებს შორის კი ყველაზე მეტი პოპულარობით "ოლდ ტრაფორდზე" მაურისიოს შესაძლო მოსვლის ალბათობა სარგებლობდა.
თუმცა პოჩეტინომ უკვე გააფორმა ახალი კონტრაქტი და ლუი ვან გაალის შემცვლელად აღარ ითვლება, რაც შეეხება შეხვედრას, არგენტინელმა ამის შესახებ განაცხადა: "ფანტასტიკური იყო. ახალგაზრდობაში და ჩემი კარიერის დასაწყისში ფერგიუსონი ჩემი შთაგონება, მოტივაცია იყო. და როცა საშუალება გაქვს, ორი საათი გაატარო ადამიანთან ერთად, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელია, ამით უნდა ისიამოვნო.
მინდოდა დრო გაჩერებულიყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია. ფანტასტიკური იყო.
მითხრა თუ არა, მოდი მანჩესტერშიო? არა, არ უთქვამს.
სერ ალექს ფერგიუსონს თუ არ იცნობთ, გეტყვით, რომ ის არის ადამიანი, რომლისგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება, რადგანაც ფეხბურთში, ცხოვრებაში ფანტასტიკური ისტორია შექმნა".
"უაით ჰართ ლეინზე" დარჩენის გადაწყვეტილების შემდეგ პოჩეტინომ განაცხადა, რომ ფერგიუსონის ფაქტორმაც კი ვერ შეაცვლევინა აზრი. "სერ ალექს ფერგიუსონი განსაკუთრებული ადამიანია. "მანჩესტერ იუნაიტედში" მან თავისი ეპოქა შექმნა.
მაგრამ, მჯერა, ჩვენც განსაკუთრებულები ვართ და აქაც შეგვიძლია მსგავსი რამის შექმნა".