ჯესი ლინგარდი აცხადებს, რომ მას და მის თანაგუნდელებს "აპტონ პარკისადმი" გამახვილებული ყურადღება არ აშინებთ.
"ჩაქუჩები" "ბოლეინ გრაუნდზე" 1904 წლიდან ასპარეზობენ, დღეს კი იქ უკანასკნელ შეხვედრას ჩაატარებენ, რამეთუ მომდევნო სეზონში გუნდი "ოლიმპიურ სტადიონზე" ითამაშებს.
აღმოსავლეთ ლონდონურ კლუბთან დაკავშირებული თითოეული პირისთვის ემოციური დღე იქნება, ლუი ვან გაალის გუნდისთვის კი არანაკლები, რადგანაც გამარჯვების შემთხვევაში "იუნაიტედი" მეოთხე ადგილზე გადაინაცვლებს. ლინგარდი აღნიშნავს, რომ ფეხბურთელები ყველაფერს იღონებენ ისეთივე შედეგის მისაღწევად, როგორსაც გასულ თვეში ინგლისის თასის მეოთხედფინალურ მატჩში მიაღწიეს.
"ეს არის მატჩები, რომლებშიც ფეხბურთელს ყოველთვის გსურს მონაწილეობა, მეტად დაძაბული მატჩები. მზად ვართ. ამისთვის ბევრი ვივარჯიშეთ.
მენტალურად მზად უნდა იყო "აპტონ პარკისადმი" მიპყრობილი ყურადღებისათვის და ვიცით, რომ იქ დიდებული ატმოსფერო იქნება. მაგრამ არაფერს მივცემთ ჩვენი კონცენტრაციის გაფანტვის საშუალებას ამ დღეს, რადგანაც საქმე გვაქვს გასაკეთებელი, რაც სამი ქულის აღებას გულისხმობს", - განაცხადა ინგლისელმა.
ლინგარდმა ვან გაალის ხელმძღვანელობით ჩატარებულ პირველ სრულ სეზონში 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა.
"სეზონის შესახებ ფიქრობ, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ სამი მატჩი გვაქვს დარჩენილი და მეც სწორედ ამაზე ვფიქრობ. თუმცა, რა თქმა უნდა, პრემიერ ლიგაში ჩემს პირველ სეზონში 30-ზე მეტი მატჩის ჩატარება სიგიჟეა!
აქ მოსახვედრად ბევრი შრომა დამჭირდა, ახლა კი ასე გაგრძელება და მომდევნო ორ მატჩსა და ფინალზე კონცენტრაციაა საჭირო".