34 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მიმდინარე სეზონში, საფრანგეთში გამორჩეულია - 44 გატანილი გოლი 47 მატჩში. შვედ ფეხბურთელს სეზონის ბოლოს "პსჟსთან" კონტრაქტის ვადა ეწურება და მას შესაძლებლობა ექნება თავისუფალი აგენტის სტატუსის გამოყენებით მისით დაინტერესებული კლუბებიდან ერთ-ერთს შეუერთდეს. უკვე რამდენიმე თვეა, იბრაჰიმოვიჩის მომავალს ლონდონის "არსენალს" და განსაკუთრებით "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ.
მარკო ვერატი ამბობს, რომ ის თანაგუნდელს დარჩენისკენ მოუწოდებს, თუმცა უშედეგოდ: "მუდმივად მოვუწოდებ დარჩენისკენ, მაგრამ არასდროს მპასუხობს. გადაწყვეტილებას ფეხბურთელი და კლუბი იღებს, ის არჩევანს მალე გააკეთებს. რა თქმა უნდა, მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც გვინდა რომ კლუბი არ დატოვოს, მას საოცარი სეზონი ჰქონდა, იბრაჰიმოვიჩზე ძლიერი აქ არავინ მეგულება".
იბრაჰიმოვიჩს გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე თვე აქვს. იმ შემთხვევაში, თუ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჟოზე მოურინიო ჩაიბარებს, მედიის აზრით, შვედი ფეხბურთელის "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შანსი ბევრად გაიზრდება.