დღეს ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს კვირა იდეალური არ იყო. კვირის დასრულება გულშემატკივართათვის გამარჯვების მოპოვებითაც შეგვეძლო, ამის მჯერა. სახლში მხოლოდ ერთი ქულის აღება საკმარისი არ არის, მაშინაც კი, როცა ტურნირის ლიდერს ეთამაშები, რომელიც პრემიერ ლიგის ჩემპიონი ძალიან მალე უნდა გახდეს.
მოედანზე ვფიქრობდით, რომ გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ "ლესტერიც" უნდა შევაქოთ; ფაქტია, 77 ქულა სწორედ იმიტომ აქვთ, რომ ძალიან სტაბილური და კონკურენტუნარიანი გუნდია. დაცვაში საკმაოდ დამაჯერებლად თამაშობენ, შანსებს კი არაფრისგან ქმნიან.
როგორც მახსოვს, "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული ორი წლისა და სამი თვის შემდეგ ჩემი მე-100 შეხვედრა ჩავატარე. ამით ძალიან ვამაყობ, თუმცა გამარჯვებით აღნიშვნას ვამჯობინებდი. სწორედ ეს გვინდოდა ყველას, ოთხეულში ჩვენი მოხვედრის შანსი კი ძალიან შემცირდა. მიუხედავად ამისა, ვამაყობ, რომ ვატარებ სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული გუნდის მაისურს. სიმართლე ის არის, რომ ჩემთვის პრივილეგიაა და იმედი მაქვს, წითელი მაისურით უფრო მეტ მატჩს ჩავატარებ.
შაბათს "ნორვიჩს" ვეთამაშებით. მათთვის ბევრი რამ წყდება და ეს მატჩი ფინალივით იქნება. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ ასევე ვიცით, რომ ოთხეულში მოსახვედრად ეს სამი ქულა გვჭირდება. მატჩის მიმდინარეობისას ანგარიში ჩვენ უნდა გავხსნათ. წინ მთელი კვირაა, მოსამზადებლად საკმარისი დრო გვაქვს. "სიტის" წაგების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და ამ შანსს ბოლომდე ჩავეჭიდებით.
დაბოლოს, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ფოტო ნახეთ, "ოლდ ტრაფორდზე" განსაკუთრებული სტუმარი გვყავდა. "მეფე" ერიკი გასახდელ ოთახში შემოვიდა, მე კი პირადად შევხვდი. ის "იუნაიტედის" ლეგენდაა, ამ კლუბში ეპოქა შექმნა. მასთან შეხვედრა დიდი პატივი იყო!