უეინ რუნიმ აღნიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" იმედგაცრუებული დარჩა "ლესტერ სიტისთან" ნათამაშები ფრის შედეგად.
ლუი ვან გაალის გუნდმა მატჩი კარგად დაიწყო და მერვე წუთზე ანგარიში გახსნა, მაგრამ "ლესტერმა" მალევე გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.
გუნდის კაპიტანს მიაჩნია, რომ "წითლები" უფრო მეტს იმსახურებდნენ. "იმედგაცრუებულნი ვართ. ჩემი აზრით, ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ. ვიცოდით, რომ "ლესტერი" საქმეს გაგვირთულებდა, მაგრამ დღეს მაინც კარგად ვითამაშეთ.
მაღალ ტემპში ვთამაშობდით, ბურთს სწრაფად ვამოძრავებდით და საქმე მხოლოდ მეორე გოლის გატანაში იყო, რომელიც დღეს დაგვაკლდა. ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან ახლა ოთხეულში შესვლა უფრო გართულდება".
რუნიმ სტუმრებიც შეაქო და განაცხადა, რომ ტიტული დამსახურებულად მოგებული იქნება, თუ, რა თქმა უნდა, "ლესტერი" ამას შეძლებს. "ამ სეზონში ჩემპიონატში საუკეთესო გუნდია და იქნება ეს ხვალ საღამოს თუ მომდევნო კვირას, ისინი ჩემპიონობას იმსახურებენ. გასაოცარია, სადაც ახლა იმყოფებიან. კლაუდიო რანიერიმ ფანტასტიკური სამუშაო გასწია".
ფრის შემდეგ "იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა კიდევ უფრო გაუჭირდება, მაგრამ რუნი აცხადებს, რომ გუნდი ბოლომდე იბრძოლებს. "სეზონის მიწურულს კარგ ფორმაში ვართ და ახლა სხვა გუნდების იმედი გვაქვს. "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" ქულებს რთულად დაკარგავენ, ჩვენ კი ოთხეულში მოხვედრა გაგვიჭირდება.
ჩვენ უბრალოდ შრომა და მაქსიმალური რაოდენობის ქულების აღება გვევალება, სეზონის ბოლოს კი ვნახავთ, რა მოხდება".