ინგლისის თასის ფინალს, რომელიც 21 მაისს "უემბლის" სტადიონზე გაიმართება და ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "კრისტალ პალასი" დაუპირისპირდება, მარკ კლატენბურგი განსჯის. ეს ინფორმაცია ინგლისის მსაჯთა კომიტეტის თავჯდმომარემ, კეიტ ჰაკეტმა გაასაჯაროვა:
"ყველა არბიტრი არ არის მზად ასეთი მატჩებისთვის.
სტატისტიკით, ის არბიტრები, რომლებიც ყველაზე ნაკლებ შეცდომას უშვებენ და ნაკლებ პრობლემას წარმოშობენ, საუკეთესოები არიან. ასეთები არიან: კლატენბურგი, დინი, ტეილორი და ოლივერი, დანარჩენები კი არასტაბილურები არიან და არასანდოები ასეთი რანგის მატჩებისთვის."
კომენტარი თავად მარკ კლატენბურგმაც გააკეთა:
"ნამდვილად არ ველოდი. ჩვეულებრივ ტექსტურ შეტყობინებას ვიღებთ ხოლმე, როდესაც დადგინდება ამა თუ იმ მატჩის არბიტრის ვინაობა, ამჯერად კი ინგლისის ფეხბურთის ფედერაციიდან დამირეკეს და მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა.
ვფიქრობ, ყველა არბიტრი, რომელსაც ჯერ კიდევ არ უმსაჯია ინგლისის თასის ფინალი, ყოველ სეზონში მაქსიმუმს აკეთებს, რათა დაიმსახუროს "უემბლიზე" მატჩის განსჯის უფლება.
სეზონის სტარტზე ჩემი ამოცანა სწორედ იქ მოხვედრა იყო და ძალიან გახარებული ვარ, ეს უდავოდ დიდი პატივი და მიღწევაა."
მიმდინარე სეზონში მარკ კლატენბურგმა "იუნაიტედის" 4 შეხვედრა განსაჯა, მათგან 2 ფრედ დასრულდა ხოლო 2-ში "წითლებმა იმარჯვეს.
ასევე ცნობილია ვინ იქნებიან მისი ასისტენტები: ჯონ ბრუქსი, ენდრიუ ჰალიდეი და მეოთხე არბიტრი ნეილ სუარბრიკი.