"მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის თასის ფინალში საგარეო მაისურს მოირგებს.
"იუნაიტედის" 28 ათასი გულშემატკივარი აღმოსავლეთ ტრიბუნიდან ბოლო ცხრა წლის განმავლობაში პირველად უგულშემატკივრებს საყვარელ გუნდს ტურნირის ფინალში, რომელიც "უემბლიზე" გაიმართება.
"წითელი ეშმაკები" "კრისტალ პალასს" 26 წლის წინაც შეხვდნენ ინგლისის თასის ფინალში და "იუნაიტედს" მაშინაც თეთრი ფორმა ეცვა. 1990 წელს გამართული შეხვედრა დამატებითი დროის ჩათვლით 3-3 დასრულდა. 113-ე წუთზე მარკ ჰიუზის მიერ გატანილი გოლით "იუნაიტედმა" გადათამაშების უფლება მოიპოვა.
"წითლები" "უემბლიზე" 5 დღის შემდეგ დაბრუნდნენ და გადათამაშებაში 1-0 გაიმარჯვეს. ლი მარტინის გოლმა სერ ალექს ფერგიუსონს "იუნაიტედში" პირველი ტიტული მოუპოვა.
"იუნაიტედს" სულ შვიდ ფინალში მოურგია თეთრი მაისური. პირველად ეს 1909 წელს მოხდა ინგლისის თასის მატჩში, რომელიც "წითლების" გამარჯვებით დასრულდა, 1957 წელს კი სერ მეტ ბასბის გუნდი იმავე მაისურით "ასტონ ვილასთან" დამარცხდა. 1983 წელს "იუნაიტედი" "მილქ ქაპის" ფინალში "ლივერპულს" შეხვდა და ასევე წააგო.
1991 წელს სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი თასების მფლობელთა თასის ფინალში "ბარსელონას" როტერდამში დაუპირისპირდა თეთრი მაისურით და 2-1 იმარჯვა, მაგრამ 2009 და 2011 წლებში ჩემპიონთა ლიგის ფინალებში სწორედ კატალონიელთა წინააღმდეგ დამარცხდა 2-0 და 3-1 შესაბამისად.