პორტუგალიელი სუპერაგენტი, ჟორჟე მენდეში მანჩესტერში "საფეხბურთო სასტუმროს" ეწვია ზუსტად იმ დღეს, როცა მისი კლიენტი კრიშტიანუ რონალდუ "ეტიჰად სტედიუმზე" "მანჩესტერ სიტისა" და "რეალის" მატჩს ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს.
მენდეში ჟოზე მოურინიოსა და "ბენფიკას" ფეხბურთელის, რენატუ სანჩესის აგენტიც არის, ეს ორივე კლიენტი კი "იუნაიტედის" სახელს უკავშირდება.
მენდეში "საფეხბურთო სასტუმროში" "სოლფორდ სიტის" მოთამაშეებსა და მფლობელს შეხვდა. "სოლფორდი" სამშაბათს ღამით ჩრდილოეთ პრემიერ ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში "ეშტონ იუნაიტედს" შეხვდება.
სინგაპურელ ბიზნესმენ პიტერ ლიმს ახლო ურთიერთობა აქვს "კლას 92-ს" წევრებთან, გარი ნევილთან, ფილ ნევილთან, რაიან გიგზთან და პოლ სქოულზთან, რომლებიც "სოლფორდის" აქციების 50%-ს ფლობენ.
ჯერჯერობით უცნობია, რა საქმიანობას ეწეოდა მენდეში მანჩესტერში.