"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი რაიან გიგზი მიმდინარე სეზონის პროფესიონალ ფეხბურთელთა დამსახურებული ჯილდოს მფლობელი გახდა. აღნიშნულ ჯილდოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია ფეხბურთში დამსახურების გამო გასცემს.
"წითელი ეშმაკების" ყოფილმა ვინგერმა "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული 25 წლის განმავლობაში არნახული კარიერა მოიწყო და მფლობელი გახდა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისა და წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისა.
გუშინ მიღებული პრიზით კი გიგზმა სერ ალექს ფერგიუსონის, სერ ბობი ჩარლტონისა და სერ მეტ ბასბის მიღწევა გაიმეორა. რაიანმა სწორედ მათ გადაუხადა მადლობა.
"ძალიან მოხარული ვარ სამივე ჯილდოს მოგების გამო; ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი დიდი ხნის წინ იყო, შემდეგ კი წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო სიურპრიზი გამოდგა.
ჩემი დებიუტიდან 25 წელი გავიდა და ეს სწორედ კულმინაციაა, ასე რომ, ეს ჩემი, ჩემი თანაგუნდელების, შტაბის, ოჯახისა და მეგობრების აღიარებაა.
როცა ჯილდოს იღებ, თასს დახედავ და დაინახავ სახელებს, რომელთაც ის მოიგეს, მერე კი აცნობიერებ, რამდენად დიდი პატივია.
იგივეა. იმ საღამოებზე, როცა ადამიანები ამ ჯილდოს იგებდნენ, მეც ვიმყოფებოდი, ეს ადამიანები კი ფეხბურთის ლეგენდები არიან. ბედნიერი ვარ, რომ მოვიგე, ამით დავტკბები", - განაცხადა უელსელმა.
42 წლის გიგზმა, რომელმაც "იუნაიტედის" რიგებში 963 მატჩი ჩაატარა, თავისი ყოფილი მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონიც გაიხსენა.
"სერ ალექსი ყოველთვის მეუბნებოდა, ისიამოვნე მომენტითო. სანამ მოედანზე გახვიდოდი და ითამაშებდი, ბოლოს ყოველთვის ამას ამბობდა.
ყველაფერი, რაც ამასთან ერთად მოდის - ყოველდღიური გაუმჯობესება, ვარჯიში, მოსმენა, თავის ხელში აყვანა - მაგრამ შენი ფეხბურთით უნდა ისიამოვნო.
ასე ხდებოდა ჩემს შემთხვევაში 17 წლიდან 40 წლამდე. "ოლდ ტრაფორდზე" თამაში პრივილეგია იყო და ვცდილობდი, ამით მესიამოვნა."