მარუან ფელაინი მოუთმენლად ელის ინგლისის თასის ფინალში თამაშს და 2009 წელს დამარცხების გამარჯვებაში გარდასახვას.
ბელგიელმა ნახევარმცველმა თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მატჩში ანგარიში გახსნა, შეხვედრის ბოლო წუთზე კი "წითლებმა" ენტონი მარსიალის გოლით გამარჯვება მოიპოვეს.
ფელაინიმ ტურნირის ფინალში 2009 წელსაც ითამაშა, მაგრამ "ევერტონის" რიგებში "ჩელსის" წინააღმდეგ დამარცხდა.
"ინგლისში გატარებულ პირველ სეზონში ფინალში "ჩელსის" წინააღმდეგ ვითამაშე და წავაგე. იმედი მაქვს, ამ სეზონში მოვიგებ. რა თქმა უნდა, ყველა მოუთმენლად ელის ამას, მაგრამ ახლა ჩემპიონატზე უნდა ვიფიქროთ. ოთხეულში დასრულება გვინდა და ფინალსაც მოუთმენლად ველით.
გაგვიჭირდა, მაგრამ გუნდის სულისკვეთება დიდებული იყო და ამ მატჩის მოგება დავიმსახურეთ. როცა დიდ მატჩში თამაშობ, დიდი მოტივაცია გაქვს და ფინალშიც მოტივირებულნი უნდა ვიყოთ. "ევერტონს" დასაკარგი არაფერი ჰქონდა, ასე რომ, 25 წუთის განმავლობაში ზეწოლას ახდენდნენ და გაგვიჭირდა. მაგრამ ბევრი შანსი შევქმენით მეორე ტაიმშიც, ამიტომაც დავიმსახურეთ გამარჯვება".
მარსიალმა არა მარტო გამარჯვების გოლი გაიტანა, არამედ საგოლე გადაცემაც გააკეთა პირველი გოლის წინ.
"დიდებული პასი იყო. კარგად ითამაშა. ბოლო წუთებში კი ბრწყინვალე შესრულება იყო, ასე რომ, ვულოცავ."
ფელაინის მეორე გოლის გატანაში მხოლოდ ფილ იაგიელკას ხელმა შეუშალა ხელი, მაგრამ ბელგიელი მსაჯს არ ადანაშაულებს. "ასე თქვეს და გასახდელ ოთახშიც გავიგონე, რომ პენალტს ვიმსახურებდით. ალბათ, მსაჯს არ უნახავს, თანაც, ეს ხომ ფეხბურთია."