ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელებისადმი რწმენა გამოავლინა, მაგრამ მარკუს რეშფორდი პირველ გუნდში სათამაშოდ მზად არ არის.
ვან გაალის ხელმძღვანელობით აკადემიის აღზრდილმა 14 ფეხბურთელმა ითამაშა "იუნაიტედის" პირველ გუნდში, მარკუს რეშფორდისა და ტიმოთი ფოსუ-მენსას გამოჩენა კი მათ შორის ყველაზე გამორჩეული გამოდგა.
თუმცა, როცა ვან გაალს ჰკითხეს, "იუნაიტედის" 18-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი პოლ მაკგინესი და 21-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი უორენ ჯოისი იმსახურებდნენ თუ არა პირველი გუნდისათვის ასეთი ფეხბურთელების აღზრდის გამო შექებას, მან უპასუხა: "ისინი მზად არ არიან, ვწუხვარ, არც რეშფორდია მზად.
მან ეს იცის, ბევრის სწავლა შუძლია, როცა გუნდში ახალგაზრდებს ათამაშებ, ამის თავიც უნდა გქონდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, აკადემია და აკადემიის ყველა მწვრთნელი ამ ფეხბურთელების გამო შექებას იმსახურებენ, ასევე სკაუტებიც, რომელთაც ეს ბიჭები აღმოაჩინეს. ქება-დიდება მათ, მაგრამ მეც მაქვს მცირე წვლილი ამაში, თუმცა ეს წვლილი მნიშვნელოვანია, რადგან ამის გაკეთების თავი უნდა გქონდეს".
ვან გაალმა მოგვიანებით თავის კარიერაში ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელები გაიხსენა.
"ახალგაზრდებს ამის გაკეთების საშუალებას ვაძლებ და ჩემი პირველი კლუბი "აზ ალკმაარი" იყო, სადაც მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიყავი, შემდეგ კი, როცა პირველი გუნდი ჩავიბარე, მეორე გუნდის ხუთი ფეხბურთელი ვათამაშე. მე ვიყავი ფეხბურთელი და მწვრთნელის ასისტენტიც, ასე რომ, უცნაური სიტუაცია იყო, თუმცა მერე ხუთმა ფეხბურთელმა ითამაშა.
შემდეგ მივდივარ "აიაქსში" და პატრიკ კლუივერტი, რომელიც 18 წლის იყო, იმავეს აკეთებდა, რასაც მარკუს რეშფორდი აკეთებს. ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია, ეს ახალი არ არის.
მიუნხენის "ბაიერნში" ასეთი იყო ტომას მიულერი, "ბარსელონაში" ჩავი იყო 18 წლის და ინიესტა 17 წლის, ტიაგო მოტაც 18 წლის იყო, რომელიც ახლა "პარი სენ-ჟერმენში" თამაშობს. უცნაური არ არის. ასაკი დიდად მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანი მხოლოდ ხარისხია".