მატეო დარმიანს ბევრი მიზეზი აქვს "კრისტალ პალასთან" მატჩის შემდეგ ზეიმისათვის, რამეთუ "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში პირველი გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
იტალიელმა მცველმა "ოლდ ტრაფორდზე" ნამდვილი საოცნებო საღამო მოიწყო, რამეთუ შეხვედრაში გატანილ ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა- დემიენ დელენის ავტოგოლისა და უშუალოდ მის მიერ გატანილი ბრწყინვალე დარტყმის შედეგად.
მატჩის შემდეგ დარმიანი კლუბის რიგებში გატანილი პირველი გოლით ნასიამოვნებია და განაცხადა, რომ ზეიმისათვის კიდევ ერთი მიზეზი აქვს.
"ვფიქრობ, დიდებული გოლი იყო, იმიტომაც რომ, "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემი პირველი გოლი გავიტანე, თანაც "ოლდ ტრაფორდზე", ჩვენი გულშემატკივრების წინაშე, ასე რომ, ბედნიერი ვარ. ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო, რადგან ასეთი გოლებით განებივრებული არ ვარ, თუმცა მიხარია, რომ ეს გოლი გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა", - განაცხადა მცველმა.
იმის განმარტებისას, თუ რატომ იყო ოთხშაბათი მისთვის განსაკუთრებული დღე, მატეო აცხადებს: "ვფიქრობ, ეს ჩემი საუკეთესო გოლია და ვიმედოვნებ, კიდევ ერთს გავიტან. ჩემთვის და ჩემი შეყვარებულისათვის განსაკუთრებული დღეა, ეს კი მისთვის დიდი საჩუქარია".
"იუნაიტედის" ყურადღება ახლა ინგლისის თასის ნახევარფინალზეა გამახვილებული და დარმიანი მოუთმენლად ელის "უემბლიზე" თამაშის პირველ შესაძლებლობას.
"დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, გამარჯვება იყო, რადგან ადვილი მატჩი არ გვქონდა, ასე რომ, დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ. ახლა "ევერტონთან" მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ. მორიგი დიდი მატჩია "უემბლიზე" ნახევარფინალური შეხვედრა, ამიტომაც უნდა გავაგრძელოთ.
ჩემთვის პირველი მატჩი იქნება "უემბლიზე", დიდებულ სტადიონზე, სადაც ნახევარფინალი შედგება. ვფიქრობ, ეს დიდი მატჩია და ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა ყველას სურს. მაგრამ ჩვენ კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ და "ევერტონს" მზადმყოფი შევხვდეთ, რადგან ეს დიდებული გუნდია.
რა თქმა უნდა, ვფიქრობ, გამარჯვების შანსი გვაქვს, შემდეგ კი ტიტულის მოგებაც შეგვიძლია, თუმცა ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. მატჩის მოსაგებად მაქსიმუმს გავაკეთებთ."