Daily Mail-ის მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მოსვლის შემთხვევაში ჟოზე მოურინიო ხუან მატასა და მარუან ფელაინის გაყიდის.
პრესა უკვე აქტიურად წერს, რომ სეზონის ბოლოს "წითელი ეშმაკების" რიგებს ლუი ვან გაალი დატოვებს და მას პორტუგალიელი სპეციალისტი შეცვლის.
"ჩელსის" ყოფილმა მწვრთნელმა კი "იუნაიტედის" აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდს უკვე ჩამოუყალიბა გუნდში მუშაობის თავისი გეგმა.
მოურინიომ გადამწყვეტი როლი ითამაშა 2014 წლის იანვარში "ჩელსიდან" მატას გაშვებაში და როგორც მოსალოდნელია, ესპანელი ფეხბურთელი არც "ოლდ ტრაფორდზე" იქნება ჟოზეს გეგმის ნაწილი.
იგივე ეხება ფელაინისაც, რომელიც "იუნაიტედში" რეგულარულ სათამაშო დროს ვერ იღებს სასტარტო შემადგენლობაში, როცა მისი კოლეგა პარტნიორები ჯანმრთელები არიან.