პეპ გვარდიოლა "სიტის" "იუნაიტედს" ამჯობინებს.
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა თავისი კარიერის გაგრძელების სავარაუდო ვარიანტად არა "მანჩესტერ სიტის", არამედ "მანჩესტერ იუნაიტედს" განიხილავს.
გასულ კვირას პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა "ქალაქელებთან" უკვე შეათანხმა კონტრაქტი და მომდევნო ზაფხულიდან სწორედ "სიტის" ჩაუდგებოდა სათავეში. ამან ერთხელ გვარდიოლას პრესკონფერენციის ჩაშლაც კი გამოიწვია.
თუმცა, თავად გვარდიოლა "იუნაიტედში" მუშაობას ამჯობინებს. 44 წლის ესპანელი ნამდვილად არის "სიტის" პრიორიტეტული სამიზნე, მაგრამ "ეტიჰადის" მკვიდრთათვის არასდროს მიუცია გარანტიები.
გვარდიოლას "ოლდ ტრაფორდზე" მუშაობის სურვილი ფაქტიურად ნიშნავს, რომ "წითელ ეშმაკებს" არჩევანის გაკეთება მოუწევთ, ნაადრევად გაათავისუფლებენ თუ არა სამსახურიდან ლუი ვან გაალს, რომელსაც თავისი მოსაწყენი სათამაშო სტილის გამო აკრიტიკებენ.
გვარდიოლას კონტრაქტი გერმანულ კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, "ბაიერნის" ხელმძღვანელობა კი ამ გაურკვევლობას ნათელს მოჰფენს და ხოსეპს ახალ წლამდე მოსთხოვს ზუსტ პასუხს იმის შესახებ, ითანამშრომლებს თუ არა "რეკორდმაისტერთან" ესპანელი მომდევნო წლებშიც.
გვარდიოლასგან განსხვავებით, ლუი ვან გაალს კონტრაქტი მხოლოდ მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება და თუ "წითლების" ხელმძღვანელობა მისი ნაადრევად გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებს, ჰოლანდიელ სპეციალისტს კომპენსაციის სახით 7 მლნ. ფუნტს გადაუხდის.
წყარო:
dailymail