ზამთრის პაუზა და სატრანსფერო პერიოდი მწვრთნელებსაც შეეხო და კიდევ შეეხებათ. ამ მასალაში ერთერთი მწვრთნელის ამბავი უნდა გაცნობოთ. მათგან ერთმა, რომელიც ფეხბურთში აღებული პაუზის მიუხედავად, კარგა ხანია ყურადღების ცენტრშია, არჩევანი გააკეთა
"ბარსელონას" ყოფილი თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა, რომელმაც კატალონელთა გუნდის მწვრთნელობისას, ყველა საკლუბო ტიტული მოიგო, პაუზას ზაფხულში დასრულებს და ფეხბურთში დაბრუნდება. გვარდიოლას ახლო მეგობარი ჩიკი ბეგირისტაინი შეხვდა და "მანჩესტერ სიტიში" მუშაობა შესთავაზა, მაგრამ პეპისგან უარი მიიღო. ცნობისათვის, ბეგირისტაინი, რომელიც ამჟამად "მანჩესტერ სიტის" სპორტული დირექტორია, "ბარსელონაშიც" იგივე ფუნქციას ასრულებდა და კატალონელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად გვარდიოლას დამტკიცება, სწორედ მის ინიციატივა იყო. ჩიკი ბეგირისტაინი გვარდიოლასგან უარის მიღებას არ ელოდა, მაგრამ, პეპმა ადრე მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვალა.
ბოლო თვეების განმავლობაში პეპ გვარდიოლა და ალექს ფერგიუსონი სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ფერგიუსონი სამწვრთნელო კარიერის დასრულებას გეგმავს და მის ნაცვლად "მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გახდება, ეს უკვე ორმხრივად შეთანხმებული და გადაწყვეტილი საკითხია. უფრო მეტიც, თუ ფერგიუსონი ამ სეზონის დასრულების შემდეგაც დარჩება გუნდის თავკაცის პოსტზე, გვარდიოლა თანახმაა, რამდენიც საჭიროა, იმდენი მოიცადოს და შემდეგ დაიკავოს "მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტი. გადაწყვეტილია ისიც, რომ პეპ გვარდიოლა "მანჩესტერთან" 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს - ეს სენსაციური ინფორმაცია ბრიტანულმა Daily Star-მა გამოაქვეყნა.
წყარო: dailystar.co.uk