თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2019, 19:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 5554,
კომენტარები: 3
გახდი საკუთარი თავი
თავი I
გახდი საკუთარი თავი
მოსმენა

როგორ უნდა გახდე ჭეშმარიტად საკუთარი თავი? როცა ახალგაზრდა ვიყავი, ამაზე ბევრს არ ვფიქრობდი, მაგრამ როგორც ფეხბურთელი და განსაკუთრებით როგორც მწვრთნელი, მოცემული კითხვით უფრო მეტად დავინტერესდი. როცა ხალხს მიუძღვები, გეხმარება შემეცნება იმისა, თუ ვინ არიან ისინი: როგორ გარემოში გაიზარდნენ, რა დაეხმარებათ საუკეთესო შედეგის ჩვენებაში და რომელი სიტყვები შეაშინებს მათ. ამის გაგების ერთადერთი გზა - ორი დაუფასებელი პრაქტიკის გამოყენებაა: მოსმენა და ყურება.

ადამიანთა უმრავლესობა თავიანთ ყურებსა და თვალებს ეფექტურად არ იყენებს. საკმარისად დაკვირვებულები არ არიან და ყურადღებით მოსმენა არ გამოსდით. შედეგად, ირგვლივ მომხდართა ნახევარს ტოვებენ. შემიძლია დავასახელო რამდენიმე მწვრთნელი, რომლებიც კაჭკაჭივით ცახცახებენ. არა მგონია, ეს ეხმარებოდეთ. არსებობს მიზეზი, რის გამოც ღმერთმა ორი ყური, ორი თვალი და ერთი პირი მოგვცა. იმისათვის, რომ ვუყუროთ და ვისმინოთ ორჯერ მეტად, ვიდრე ვილაპარაკოთ. და ყველაზე სასიამოვნო: მოსმენა უფასოა.

ორი საუკეთესო მსმენელი, რომელთაც შევხვედრივარ - ტელეჟურნალისტები, რომლებიც ინტერვიუზე სპეციალიზირდებიან. 2013 წელს გარდაცვალებამდე დევიდ ფროსტმა თითქმის 5 ათწლეული დახარჯა ხალხისგან ინტერვიუს აღებაში. განსაკუთრებული სახელი გაითქვა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონთან ინტერვიუს ჩაწერით. ფროსტს პირველად 2005 წელს შევხვდი, როცა ორივე მოძრავი ქონების ფონდში ვდებდით ინვესტიციას. რამდენიმე წელში, უკვე BBC-ს დატოვების შემდეგ, ჩემგან აიღო ინტერვიუ Sky Sports-ისთვის.

განსხვავებით სატელევიზიო ინტერვიუერთა უმრავლესობისგან, დევიდს არ ჰქონდა პრეტენზია დაემტკიცებინა, რომ თავის სტუმარზე ჭკვიანი იყო. არ ცდილობდა ჩიხში შეეყვანე ან დაემარცხებინე. სრულიად შეგნებულად არ ახდენდა გავლენას, რაც აჩვენა კიდეც 1977 წელს რიჩარდ ნიქსონთან საუბრისას. მათი საუბარი 28 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. ასეთი მიდგომის ერთ-ერთი საწინდარი მისი პროგრამის ფორმატი იყო. მატჩის შემდგომ ინტერვიუებს რამდენიმე წუთისთვის არ იღებდა, როცა ყურსასმენში პროდიუსერი გიყვირის და შენგან ციტატებს ითხოვს. თავს არ აბრუნებდა საუბრის დროს და არ ცდილობდა სხვა, უდანაშაულო სამიზნის გამოხედვის დაჭერას. დევიდი პირდაპირ თვალებში გიყურებდა და მთელ დანარჩენ სამყაროს ბლოკავდა, რითაც მნიშვნელოვან ინტერესს ამჟღავნებდა. მის მხარეს იყო დრო - 30 ან 60 წუთი (საუკუნე თანამედროვე სამყაროს მუდმივ მოკლე-ტექსტურ შეტყობინებებსა და თვითერში), რათა სტუმარს თანდათან კომფორტულად ეგრძნო თავი. დევიდის უდიდესი ნიჭი იყო სტუმრის მოდუნება და გეჩვენებოდა, თითქოს, ეს ყოველთვის აძლევდა საშუალებას ინტერვიუსგან უფრო მეტი მიეღო. გასაკვირი არ არის, რომ ზედმეტსახელად "დიდი ინკვიზიტორი" მიიღო.

გახდი საკუთარი თავი

დევიდ ფროსტი რიჩარდ ნიქსონისგან ინტერვიუს იღებს


მეორე, ჩარლი როუზი, ამერიკელი ინტერვიუერი, იმავე ტიპისაა. ჩარლის ისე კარგად არ ვიცნობ, როგორც დევიდს ვიცნობდი, მაგრამ რამდენიმე წლის წინ თავის შოუში დამპატიჟა. ამერიკულ ტელევიზიაში გამოჩენას შიშით მოვეკიდე - მას ხომ უფრო ცუდად ვიცნობდი, ვიდრე ბრიტანულ თოქ-შოუს. გადაღებამდე ერთი დღით ადრე ჩარლიმ იტალიურ რესტორან "გარი ჩიპრიანში" დამპატიჟა, რომელიც ნიუ-იორკის მეხუთე ავენიუზე მდებარეობს. ჩარლი - დიდი კაცია, ხელის მტევანი თეფშის ზომის აქვს და მაინტერესებდა, მომიქცევდა თუ არა თავის მარყუჟებში. მისი პირველი ფრაზა იყო: "იცით, სანახევროდ შოტლანდიელი ვარ", ამის შემდეგ კი მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ჩარლი ადვილად დამეხმარა თავი თავისუფლად მეგრძნო და საერთო სალაპარაკო თემა იპოვა. მომდევნო დღეს გადაცემის ჩაწერამ წარმატებით ჩაიარა, ჩარლი ისევეთივე ყურადღებით მისმენდა, როგორც დევიდი, თუმცა ვეჭვობ, რომ პროდიუსერმა სუბტიტრების დადება მოისურვა, რათა ჩემი შოტლანდიური აქცენტი მისისიპელ და კანზასელ მაყურებელთათვის გასაგები ყოფილიყო.

გახდი საკუთარი თავი

ალექს ფერგიუსონი და ჩარლი როუზი


არასდროს ვყოფილვარ ტელეწამყვანი, მაგრამ ყოველთვის ვაფასებდი მოსმენის უნარს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვევად მაქვს ხალხისთვის დარეკვა და კითხვა, თუ როგორ მოვიქცე კონკრეტულ სიტუაციაში. საერთო ჯამში სიტუაციიდან გამოსავალს თავად ვპოულობ. მაგრამ მახსოვს, როგორ ვითხოვდი დახმარებას 1984 წელს, როცა ჯონ პეტონმა, "რეინჯერსის" ერთ-ერთმა უმსხვილესმა აქციონერმა მწვრთნელის სამსახური შემომთავაზა. ეს ჩემი მეორე შემოთავაზება იყო კლუბისგან, ამიტომ სკოტ საიმონს დავურეკე, რომელიც 13 წლამდელთა გუნდს წვრთნიდა და რჩევა ვთხოვე. როცა სკოტმა გაიგო, რომ ვესაუბრე "რეინჯერსის" მთავარ პირს და არა ვიცე-მდივანს ვილი უოდელომს, მაშინვე მთხოვა შემოთავაზებაზე უარის თქმა: იგრძნო, რომ ეს უფრო მოვლენათა შეკუმშვა იყო, რომელიც დირექტორთა საბჭოს მიერ ოფიციალურად სანქცირებული არ იყო. შემოთავაზებაზე უარი ვთქვი და მომავალში არასდროს მინანია.

ბევრი დროს არ ხარჯავს იმაზე, რომ სხვებს უსმინოს, განსაკუთრებით თუ წარმატებას აღწევს და ირგვლივ მყოფები მონებივით იქცევიან და თვალთმაქცობენ, თითქოს თითოეულ სიტყვას იჭერენ. მონოლოგებს იწყებენ, თითქოს ამქვეყნად ყველაფერი იცოდნენ. თუ ამ ადამიანთა დიდების მანიას გვერდით გადავდებთ, სხვათა მოსმენას ყოველთვის მოჰყვება ნაყოფი. ეს იგივეა, რაც ხანგრძლივი უფასო განათლების მიღება და პროცესი მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. უპირატესობა კიდევ იმაშია, რომ გამოცდები არ არსებობს და ყოველთვის შეგიძლია შენი მისამართით გაკეთებული უსარგებლო კომენტარი არ მიიღო. გონებაში რამდენიმე მაგალითი მომდის.

რამდენიმე წლის წინ ერთმა ადამიანმა ბილ შენკლის - 1959 წლიდან 1974 წლამდე "ლივერპულის" მწვრთნელის - საუბრების ჩანაწერი მომცა. ეს იყო მოგონებები, რომლებიც ტრანსლირებისთვის არ იყო ჩაწერილი, მაგრამ მანქანით მგზავრობისას რამდენიმეჯერ მოვისმინე. ბილის საუბრებში ყველა შესაძლო სახუმარო ისტორიებია, მაგრამ ამ ჩანაწერთა მთავარი დეტალი ის იყო, რომ შენკლი თავიდან ფეხის ფრჩხილამდე ფეხბურთზე შეყვარებული აღმოჩნდა. შესაძლოა, შენკლი უკიდურესობამდე მიდიოდა, მაგრამ ეს ჩემს აზრს აძლიერებდა იმის შესახებ, რომ წარმატებას გატაცება სჭირდება.

სხვა მაგალითი. 1992 წელს "ლიდსთან" მატჩის შემდეგ მოთამაშეებთან ერთად აუზში ვიყავი - რაც ჩემთვის ძალზედ უჩვეულოა - და მატჩის ანალიზს ვისმენდი მათგან. სტივ ბრიუსი და გარი პალისტერი დაჟინებით განიხილავდნენ ერიკ კანტონას, ფრანგ თავდამსხმელს, რომელიც "ლიდსმა" "ნიმიდან" გადაიბირა. სტივ ბრიუსი, მაშინ "იუნაიტედის" კაპიტანი, კანტონას შესაძლებლობების შესახებ კარგი წარმოდგენის იყო. როგორღაც ეს სიტყვები ჩემს გონებაში შეიჭრა და მალე კანტონა ვიყიდეთ.

მაშინაც კი, როცა ერიკ კანტონას ვყიდულობდით, ხალხს, რომელთაც ვენდობოდი, აზრს ვეკითხებოდი. ველაპარაკე ჟერარ ულიეს, ფრანგ მწვრთნელს, მივმართე სპორტულ ჟურნალისტ ერიკ ბილდერმანსაც, რათა უკეთ შემეცნო ფეხბურთელი, რომლის შეძენასაც ვაპირებდით. ასევე ვესაუბრე მიშელ პლატინის, რომელმაც მითხრა: "უნდა შეიძინოთ, მის ხასიათს არ აფასებენ, უბრალოდ ცოტა გაგება სჭირდება". თითოეულმა მათგანმა მომცა რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ მოვქცეულიყავი კანტონასთან, რომელიც "იუნაიტედში" უმართავი ფეხბურთელის რეპუტაციით მოვიდა (რაც უსამართლობა იყო). ეს გადაწყვეტილება იმ სეზონში "იუნაიტედისთვის" გადამწყვეტი აღმოჩნდა - სავსებით შესაძლებელია, მთელი ათწლეულის განმავლობაშიც კი. ერიკამდე 6 მატჩში 4 გოლი გავიტანეთ. კლუბში მისი მოსვლის შემდეგ კი 6 მატჩში - 14.

გახდი საკუთარი თავი

ერიკ კანტონა და ალექს ფერგიუსონი


სიტყვები, რომელთაც კანტონამდე მიგვიყვანეს, ნორმაში არ ჯდებოდა, მაგრამ ჩვევად მქონდა მომესმინა ფეხბურთელებისთვის, თუ როგორ პროგნოზირებდნენ ჩვენი მოწინააღმდეგეების შესაძლო შემადგენლობას. ეს ყოველთვის გამოცანა იყო, სანამ განაცხადს არ მივიღებდით და მოწინააღმდეგის განლაგებას შეეძლო მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა ჩვენს ტაქტიკაზე. მატჩამდე ერთი კვირით ადრე ფეხბურთელები თავიანთ მეგობრებს ესაუბრებოდნენ, განსაკუთრებით ყოფილ თანაგუნდელებს, რათა უფრო მეტი შეეტყოთ ფეხბურთელზე, რომელსაც მატჩამდე გვირაბში შეხვდებოდნენ. მინი-შეჯიბრებებიც კი გვქონდა მოწინააღმდეგის შემადგენლობის გამოცნობაში. უმნიშვნელოა, რამდენად ყურადღებით ვუსმენდი, - არასდროს შემეძლო მოწინააღმდეგის მთელი შემადგენლობის გამოცნობა. კლუბში მყოფი ფეხბურთელების რაოდენობა გაიზარდა და დავალება უფრო რთული ხდებოდა. ყოველთვის ასე იყო, მას შემდეგ, რაც ინფორმაციას ვიღებდით, შემადგენლობა ყოველთვის განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ველოდი და ფეხბურთელებიც ყოველთვის მეხუმრებოდნენ: "ისევ მართალი ხართ, ბოს".

2012 წლის ნოემბერში "ნორვიჩთან" დამარცხების შემდეგ პატივისცემის ნიშნად მათი მწვრთნელის ოფისში უნდა გამოვცხადებულიყავი. კრის ჰიუტონი ძალზედ კარგად დამხვდა, მაგრამ დაწესებულება ხალხით იყო სავსე, რომლებიც გამარჯვებას აღნიშნავდნენ. არ მსურდა სისუსტის გამოვლენა, ამიტომ კარგი საყრდენი გავიკეთე და მოვუსმინე, რას ამბობდნენ, ვის გამოყოფდნენ ცალკე და ვის აქებდნენ. უბრალოდ ყველა სახელი დავიმახსოვრე, გონებაში დავაფიქსირე და ფანქრით ჩავინიშნე.

უკან რომ ვიხედები, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა მახსენდება. 1983 წელს, როცა "აბერდინს" - გუნდს, რომელსაც 1978 წლიდან 1986 წლამდე ვწვრთნიდი - მადრიდის "რეალთან" ჰეტებორში თასების მფლობელთა თასის ფინალში უნდა ეთამაშა, ჯოკ სტეინი მოვიწვიე. ჯოკი ჩემი ერთ-ერთი კერპი იყო - პირველი ბრიტანელი მწვრთნელი, რომელმაც 1967 წელს ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო, როცა "სელტიკმა" მილანის "ინტერი" დაამარცხა. ჯოკმა ორი რამ მითხრა, რომლებიც არასდროს დამავიწყდება. პირველ რიგში, მითხრა: "დარწმუნდით, რომ თქვენი გუნდი თამაშამდე ორი დღის შუალედით ვარჯიშობს, რადგან ასეთ დროს მეტოქე იფიქრებს, რომ როცა მუშაობენ, აკვირდებით". ამის გარდა მირჩია, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელისთვის, დიდებული ალფრედო დი სტეფანოსთვის ერთი ბოთლი მაკალანის ვისკი წამეღო. როცა ამ ბოთლს დი სტეფანოს ვაძლევდი, ნამდვილად გაოცებული იყო. ამან აიძულა ეფიქრა, რომ მის წინაშე ქედს ვიხრიდით, რომ ის დიდებული ადამიანია და პატარა "აბერდინი" თავს უკვე გრძნობს დამარცხებულად. მიხარია, რომ ჯოკს მოვუსმინე, რადგან ორივე რჩევამ გაამართლა.

მოგვიანებით, როცა ჯოკის დამხმარე ვიყავი შოტლანდიის ნაკრებში, ტაქტიკისა და პრობლემების შესახებ, რომელსაც მწვრთნელი აწყდება, უამრავ კითხვას ვუსვამდი. ჩემს ცხოვრებაში ის ყველაზე მეტად ჰგავდა მწვრთნელი-ხელმძღვანელის ფიგურას და თითქმის ღრუბელივით ვისრუტავდი მის ყველა სიტყვას. ჯოკმა მირჩია, არასდროს მივვარდნილიყავი ფეხბურთელებს მატჩის შემდგომ. ის ისევ ამბობდა: "მოიცადე ორშაბათამდე, სანამ ყველაფერი ჩაწყნარდება". ჭკვიანური რჩევა იყო; უბრალოდ ჩემზე ზედგამოჭრილი. მიუხედავად ამისა, შემთხვევითობა არ არის, რომ ოფისში კედელზე უილმსლოუს ყველაზე დიდი ფოტოსურათი მაქვს - ჯოკ სტეინი და მე უელსისა შოტლანდიის მატჩის წინ - 1985 წლის 10 სექტემბერი - იმ დღეს გარდაიცვალა.

გახდი საკუთარი თავი

ალექს ფერგიუსონი და ჯოკ სტეინი. სწორედ ის ფოტო


ბოლო მაგალითი, რომელიც მახსენდება: ჯიმი სირელი, "ნოთს ქაუნთის" მწვრთნელი, სამწრთნელო კურსების მასწავლებელი, რომელსაც 1973 წელს ლილესჰოლში, გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთ ეროვნულ სპორტულ ცენტრში ვსტუმრობდი. მითხრა, რომ დაუშვებელი იყო ერთსა და იმავე დროს ყველა ფეხბურთელის კონტრაქტის ვადის ამოწურვა, რადგან ეს საშუალებას აძლევთ მწვრთნელისა და კლუბის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. მანამდე არასდროს მიფიქრია ამაზე, სანამ ჯიმიმ არ მითხრა ეს სიტყვები, მაგრამ მას შემდეგ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდი კონტრაქტის ვადის ამოწურვას და ვცდილობდი, სხვადასხვა დროს ამოწურულიყო. ვფიქრობ, ჯიმის ცოტა დრო დასჭირდა ჩემთვის რჩევის მოსაცემად, მაგრამ სარგებელს იმისგან, რაც მოვისმინე, მთელი ცხოვრებაა ვიღებ . ეს აჩვენებს, რას გაძლევს ხშირად რჩევა, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები და მოსმენის უნარი, რომელიც არაფერი ღირს, ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რამეა.

დაკვირვება

დაკვირვება - კიდევ ერთი დაუფასებელი ქმედებაა და კვლავ - უფასო. ჩემთვის დაკვირვების ორი ხერხი არსებობს: პირველი - დეტალური, მეორე - მომხდარის აღქმა. სანამ "აბერდინს" არჩი ნოქსის დამხმარის რანგში არ გავწვრთნიდი, ვერ ვხედავდი განსხვავებას მცირე დეტალებზე დაკვირვებასა და სრული სურათის დანახვაში. "აბერდინში" მოსვლიდან მალე არჩიმ ჩემთან გასაუბრება გადაწყვიტა და მკითხა, რატომ მოვიწვიე სამუშაოდ. კითხვამ ჩიხში შემიყვანა, სანამ არ ამიხსნა, რომ საქმე არაფერი ჰქონდა, რადგან ყველაფრის გაკეთებას თავად ვაპირებდი. ძალიან ჯიუტი იყო და ტედი სკოტმა, "აბერდინში" ყველაფრის ოსტატმაც აუბა მხარი. არჩიმ მითხრა, ჯობდა ვარჯიშებისთვის არ მეხელმძღვანელა და მოედნის კიდესთან ვყოფილიყავი, მეყურებინა და დავკვირვებოდი. მაგრამ როცა ვუთხარი არჩის, რომ მის რჩევაზე დავფიქრდებოდი, თავისი დაიჟინა. ამიტომ დავუთმე. დრო იმაზე დამეხარჯა, რომ გამეგო: უფრო მეტს ხედავ, როცა მოვლენათა ეპიცენტრში არ ხარ. მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რომელიც სამწვრთნელო კარიერაში მიმიღია. როცა ნაბიჯს უკან დგამ და გვერდიდან უყურებ, გასაოცარ რამეს ხედავ და მნიშვნელოვანია თავს გაკვირვების უფლება მისცე. როცა სასტვენით პირში ვარჯიშის ცენტრში დგახარ, მთლიანად ბურთზე კონცენტრირდები. როცა უკან გადავდგი ნაბიჯი და მომხდარდს მოედნის კიდედან ვაკვირდებოდი, მხედველობა გამიფართობდა და შევძელი როგორც ვარჯიშის ყველა დეტალის აღქმა, ისე მოთამაშეთა განწყობის, ენერგიისა და ჩვევების შეცნობა. ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი გაკვეთილია და მიხარია, რომ 30 წელზე მეტი ხნის წინ მივიღე. არჩის დაკვირვებულობამ წარმატებამდე მიმიყვანა.

გახდი საკუთარი თავი

არჩი ნოქსი და ალექს ფერგიუსონი


როცა ფეხბურთელი ვიყავი, ვცდილობდი ორივე საქმე ერთად მეკეთებინა: ყურადღება მიმექცია ფეხებში მქონე ბურთისთვის და დავკვირვებოდი ჩემ ირგვლივ რა ხდებოდა მოედანზე. მაგრამ სანამ არჩიმ თითი არ დამიქნია, ბოლომდე ვერ ვხვდებოდი, რომ როგორც მწვრთნელს, შემეძლო დეტალებით გატაცება. რამდენიმე დღე დავხარჯე არჩის რჩევის ფასეულობის გაგებაში და მას შემდეგ ყოველთვის ვიყავი პოზიციაში, რომელიც საშუალებას მაძლევდა დეტალებიც დამენახა და სრული სურათიც.

მწვრთნელად როცა მუშაობ, ყოველთვის ხედავ გარკვეულ საგნებს. შესაძლოა, აკვირდები ფეხბურთელებს ვარჯიშზე, რათა გაიგო, მოირჩინა თუ არა ბარძაყის ტრავმა; აქებ პერსპექტიულ 12 წლის მოთამაშეს ახალგაზრდული აკადემიიდან; ეძებ ნიჭიერ ფეხბურთელს საღამოს მატჩზე გერმანიის ერთ-ერთ სტადიონზე; შეისწავლი მოთამაშის ან მწვრთნელის ქმედებებს სადილზე. და კიდევ თამაშის მანერასა და შეუმჩნეველ დეტალებს აკვირდები მატჩის ვიდეოანალიზში, უყურებ საუბრების დროს სხეულის ენას, მოედანზე ბალახის სიმაღლეს. შემდეგ, შაბათს დღისით ან ოთხშაბათს საღამოს, სხვა კუთხიდან უნდა შეხედო - სურათს სრულად დააკვირდე.

ადვილად ჟღერს - უნდა დაიჯერო ის, რასაც საკუთარი თვალებით ხედავ, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან რთულია. საოცარია, რამდენი შეუზღუდავი და წინასწარი აზრი აქვს თითოეულ ჩვენგანს და ისინი ზეგავლენას ახდენენ იმაზე, რასაც ვხედავთ, უფრო სწორად, ვფიქრობთ, რომ ვხედავთ. თუ სკაუტი მეუბნება, რომ ფეხბურთელს კარგი მარცხენა აქვს, მიჭირს ამ სიტყვების დავიწყება, როცა პირადად მივდივარ ამ ფეხბურთელის სანახავად და ამის გამო უფრო ადვილია სხვა ნიშნების აღმოჩენა ან, რაც გაცილებით უარესია, მნიშვნელოვანი ნაკლის იგნორირება. დაინტერესებული ვიყავი იმით, თუ რას ამბობდნენ სხვები, მაგრამ ყოველთვის მინდოდა ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა, ჩემზე სხვების აზრის გავლენის გარეშე.

აი დაკვირვება, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში სარგებელი მომიტანა. 1969 წელს გფრ-ს ნაკრები კილმარნოკში" "რეგბი პარკზე" ვარჯიშს ატარებდა და კარლ-ჰაინც ჰედერგოტს ვთხოვე ვარჯიშზე დასწრების უფლება მოეცა. სტადიონზე იმყოფებოდნენ მხოლოდ გერმანელი ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი, არენაზე მომუშავე რამდენიმე ადამიანი და მე. ვარჯიშს დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ვაკვირდებოდი. გერმანული გუნდი მეკარეების გარეშე თამაშობდა და ყურადღებას მხოლოდ ბურთის ფლობაზე ამახვილებდა, რაც უჩვეულოა მაშინ, როცა მწვრთნელები ვარჯიშებზე აქცენტს შორ მანძილზე სირბილზე აკეთებდნენ. ამ მოვლენამ ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და იმ დროიდან მოყოლებული ბურთის ფლობის მნიშნელობას ხაზგასმით მივუდექი. როგორც კი "სენტ მირენის" მწვრთნელი გავხდი, "კვადრატების" დანერგვა დავიწყე - ოთხი ფეხბურთელი ორის წინააღმდეგ განსაზღვრულ სივრცეში. 25-25 იარდზე კვადრატით დავიწყეთ, რაც ფეხბურთელებს აიძულებდა, განსაზღვრულ სივრცეში ემოქმედათ და ბურთთან მუშაობის უნარი გააუმჯობესეს. ამ უნარის სრულყოფილების მიზნით, "კვადრატის" მოედანს ვავიწროებდით. ეს ყველაფერში დაგვეხმარა - თამაშის აღქმაში, პერსპექტივაში, ბურთის დამუშავებაში, რომელიც სხვადასხვა კუთხისკენ იგზავნებოდა, - და ბოლოს მივედით ერთი შეხებით თამაშის უნარის დაუფლებამდე. ვარჯიშის ამ მეთოდს "იუნაიტედთან" ჩატარებულ ბოლო ვარჯიშამდე, 2013 წლის 18 მაისამდე ვიყენებდი. 1969 წელს კილმარნოკში ვარჯიშზე 90 წუთიანმა დაკვირვებამ ჩამიტარა გაკვეთილი, რომელსაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვიყენებდი.

დაკვირვება - მომხდარის შედარება და შეფასება - მატჩებისთვის მომზადების მნიშვნელოვანი ნაწილია და "იუნაიტედში" ჩვევად გვქონდა მნიშვნელოვანი მატჩების წინ მოწინააღმდეგეზე დაკვირვება. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ეპოქაში, რომელიც წინ უძღოდა თანამედროვე ვიდეოანალიზს, როცა მაქსიმუმ ვიდეოკასეტის გადახვევა შეგვეძლო. ამ მეთოდის გამართლების მაგალითი - 1991 წლის თასების მფლობელთა თასის ფინალია, როცა "იუნაიტედი" "ბარსელონას" დაუპირისპირდა. 1985 წლის "ეიზელის" ტრაგედიის შედეგად ევროთასებზე მონაწილეობის აკრძალვის შემდეგ ინგლისური კლუბებისთვის ეს პირველი ევროპული ფინალი იყო. პირველ ნახევარფინალს, რომელშიც "ბარსელონა" და "იუვენტუსი" თამაშობდნენ, სტივ არჩიბალდთან, "აბერდინის" ყოფილ ფეხბურთელთან ერთად ვეწვიე და მატჩის მსვლელობისას წამყვანმა ფორვარდმა, ხრისტო სტოიჩკოვმა ორი გოლი გაიტანა. ტურინში გამართულ საპასუხო შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რამაც ფინალში თამაშის საშუალება არ მისცა. ამან მათ ჩვეულ სქემაში არეულობა შეიტანა. ფინალში თავდასხმის მთავარ საყრდენად მიკაელ ლაუდრუპი აქციეს და ნახევარდაცვიდან გვიტევდნენ, რასაც მათ მატჩებზე დაკვირვების შედეგად ველოდით. ჩვენს ტაქტიკას სახე ვუცვალეთ და ლაუდრუპს საშუალება არ მივეცით ჩვენს კართან ძალიან ახლოს ავეყვანეთ, რის ხარჯზეც 2:1 ვიმარჯვეთ.

ხშირად ცალი თვალით ვამჩნევდი ფეხბურთელს, რომელიც მოულოდნელ, მაგრამ სასიამოვნო აღმოჩენად იქცეოდა. 2003 წელს საფრანგეთში ახალგაზრდა პეტრ ჩეხის სანახავად ჩავედი. დიდიე დროგბა, რომლის შესახებ არაფერი მსმენოდა, იმ მატჩში თამაშობდა. უბრალოდ დინამო-მანქანა იყო - ძლიერი, ფეთქებადი თავდამსხმელი გატანის ბუნებრივი ნიჭით, სხვათაშორის, შემდეგში ხელიდან მაინც გაგვექცა. იგივე არ მოხდა პარკ ჯი სუნის შემთხვევაში. ლიონში ჩავედი, რათა მაიკლ ესიენის თამაში შემეფასებინა ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-ს წინააღმდეგ. დავინახე ენერგიის ნაკადი, რომელიც არ წყდებოდა - მოედანზე ისე დაეხეტებოდა, როგორც კოკერ-სპანიელი. ეს პარკ ჯი სუნი იყო. მომდევნო კვირას ჩემი ძმა, მარტინი, რომელიც "იუნაიტედში" სკაუტად მუშაობდა, პარკზე დასაკვირვებლად გავგზავნე, რათა ყველაფერი თავისი თვალით ენახა. თვალებმა მასაც იგივე უთხრეს, რაც მე და მოთამაშე შევიძინეთ. ჯი სუნი - ერთ-ერთი იმ იშვიათ ფეხბურთელთაგანია, რომლებიც ყოველთვის იქმნიან თავისუფალ სივრცეს.

გახდი საკუთარი თავი

პსვ-ს რიგებში მოთამაშე პარკ ჯი სუნი (მარჯვნივ)


განსაკუთრებული მომენტები იყო. ყოველთვის მომწონდა ახალი ნიჭის აკვიატება, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ველოდი. ძალიან იშვიათად ხედავ ასეთ საოცრებას და გექმნება შთაბეჭდილება: ადამიანი სხვა სამყაროდან მოვიდა (სხვათაშორის, ერიკ კანტონა თავის საუკეთესო პერიოდში ამ აღწერას ესადაგებოდა). ეს მომენტები - და მოთამაშეები - მთელი ცხოვრებისეული მუდმივი დაკვირვების ჯილდოა. არც ერთი მათგანი არ ჩამოვარდნილა ჩვენთვის ციდან; ჩვენი რადარის 24 საათიანი მუშაობის შედეგები გახდნენ.

კითხვა

მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე წიგნებისგან. ბავშვობაში მშობლებს იმედს ვუცრუებდი, რადგან სკოლაში ბეჯითი მოსწავლე არ მეთქმოდა (მეტწილად ფეხბურთის სიყვარულის გამო), ასე რომ, ჩემი სისტემატიური განათლება 16 წლის ასაკში დასრულდა. მაგრამ კითხვა ყოველთვის მიყვარდა. საერთოდაც, 1958 წლის 6 თებერვალს, როცა მიუნხენის კატასტროფის შესახებ შევიტყვე, ბიბლიოთეკაში ვიმყოფებოდი. მრავალი წლის განმავლობაში უქმე დღეებზე გამოწერილი მქონდა Daily Express, Scottish Sunday Mail და Sunday Post, Sunday Express და Independent. ასევე კარგი დამოკიდებულება მაქვს Racing Post-ს მიმართ, რომელიც დოღის შესახებ წერს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ წიგნების კითხვა მიყვარს.

ჩემი ინტერესი ლიტერატურაში მხოლოდ საფეხბურთო თემატიკით არ შემოიფარგლებოდა. ერთ-ერთი მწვრთნელი, რომლის შესახებაც წამიკითხავს, საქმიანობდა სპორტის სახეობაში, რომლის შესახებაც არაფერი ვიცი. ეს იყო ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის დიდებული საკალათბურთო მწვრთნელი ჯონ ვუდენი, რომელმაც თავის გუნდს 12 სეზონში მეათედ მოაგებინა ეროვნული ჩემპიონატი. ვფიქრობ, სულის ჩამდგმელის როლში უფრო იყო ძლიერი, ვიდრე ტაქტიკაში, მაგრამ ეჭვი არავის ეპარებოდა, თუ ვინ იყო ბოსი. ვერ იტანდა დაუმორჩილებლობას ან ხალხს, ვინც მის მიერ არჩეულ გზას უხვევდა. ასევე წამიკითხავს ვინს ლომბარდის შესახებ, რომელიც კარგად არის ცნობილი შეერთებულ შტატებში „გრინ-ბეი პეკერსის“ მწვრთნელის რანგში. ის ისევე გიჟდებოდა ამერიკულ ფეხბურთზე, როგორც მე - ინგლისურზე. ადვილად ვაიგივებ საკუთარ თავს მასთან და მიყვარს მისი გამოთქმა: „მატჩი არ წაგვიგია, უბრალოდ დრო არ გვეყო“.

მენეჯმენტსა და ლიდერობაზე ბევრი სხვა წიგნის წაკითხვითაც დამიტვირთავს თავი, მაგრამ იმის გამო, რომ ასე ვიყავი გართული საკუთარი საქმით, ვერ აღმოვაჩინე წიგნი, რომელიც ჩემში რამეს გამოიწვევდა. ანალოგიური ვითარებაა სპორტისა და ფეხბურთელების ბიოგრაფიების შესახებ დაწერილ წიგნებზეც. „იუნაიტედის“ ფეხბურთელების ავტობიოგრაფიული წიგნი - მეტწილად ჩემს თავს გადახდენილი ისტორიაა, თუმცა სხვა რაკურსით. დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ ისეთი წიგნების კითხვას ვამჯობინებ, რომლებიც ნაკლებ კავშირშია ჩემს ყოველდღიურობასთან. ზოგჯერ სხვა წიგნებსაც ვპოულობ ფეხბურთის შესახებ, როგორიცაა დევიდ პისის რომანი „წყეული იუნაიტედი“, ბელეტრიზებული მონათხრობი 1974 წელს „ლიდსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბრაიან კლაფის 44-დღიანი ყოფნის შესახებ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩამთრევი გამოდგა. თუმცა, გულში ჩამწვდა ჩემთვის უსაზღვროდ პატივსაცემი ადამიანის, ბობი რობსონის ავტობიოგრაფია „მშვიდობით, მაგრამ არა ნახვამდის“. კარიერა შახტაში დაიწყო, მერე კი, ინგლისის ნაკრებთან ერთად 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს, რის შემდეგაც ჰოლანდიაში წავიდა პსვ-ს მთავარ მწვრთნელად სამუშაოდ. სამომავლოდ „პორტუსა“ და „ბარსელონას“ წვრთინდა, ბოლოს კი მშობლიურ ქალაქ ნიუკასლს დაუბრუნდა. ფეხბურთელების ავტობიოგრაფიებიდან გამოვყოფდი გარი ნევილის „წითელს“, რომელიც 2011 წელს გამოქვეყნდა. ეს ზედმიწევნით ზუსტად მოფიქრებული წიგნია, რომელიც ეხმარება მკითხველს გაიგოს, რა ზეწოლის გადალახვა უწევს ფეხბურთელს და წარმატების მისაღწევად რა მოთხოვნილებები აქვს.

გახდი საკუთარი თავი


არ მინდა ამას ზედმეტი მნიშვნელობა მივანიჭო, მაგრამ ომის შესახებ დაწერილ წიგნებში აღმოვაჩინე ისეთი რამეები, რისი ფეხბურთთან დაკავშირებაც შეიძლება. ყოველ გენერალს უნდა ესმოდეს, როდის გადავიდეს შეტევაზე და როდის მოიქცეს სიფრთხილით. უცნაურია, მაგრამ ეს აზრი CAC-ის (დიდი ბრიტანეთის განსაკუთრებული დანიშნულების საპარაშუტო-დესანტის ნაწილი) ლექციაზეც გაიმეორეს, როცა მე ვესწრებოდი. იქ იყო ახსნილი, როგორ ახდენდნენ შეტევის ორგანიზებას და იტყუებდნენ მოწინააღმდეგეს მარცხენა ფლანგზე, შემდეგ კი ცენტრიდან აყენებდნენ დარტყმას. ერთხელ „იუნაიტედის“ ყველა ფეხბურთელი სეზონში შესვენებისას რამდენიმე დღით ჰარდფორშირში წავიყვანეთ CAC-ს სავარჯიშო მოედანზე. ყველაფრის გამოცდის უფლება მოგვცეს: თვითმფრინავიდან კიბით ჩამოშვება, სროლა, მძევლად აყვანა. ფეხბურთელებს ძალიან მოეწონათ. CAC-მ საბრძოლო წესრიგის ეფექტურობის გაკვეთილი ჩამიტარა, რამაც მაჩვენა, როგორ ქმნიან ფლანგიდან შემტევი მეომრები დაცვის ცენტრში სუსტ წერტილებს. ეს ცოდნა სავარჯიშო მეოდანზე გადავიტანეთ, სადაც მთელი კვირა „ლივერპულთან“ მატჩისთვის ვემზადებოდით. ფეხბურთელები შორეულ და ახლო ძელს უტევდნენ, შემდეგ კი გარი პალისტერი ცენტრში იჭრებოდა გოლის გასატანად. ჯამში პალისტერმა ერთი და იგივე მანევრის გამოყენებით 2 გოლი გაიტანა. ეს იყო საომარი ბრძოლის სტრატეგიული გეგმის ნამდვილი ასახვა, ოღონდ ტელეკომენტატორებმა ვერაფერი შეამჩნიეს.

ყოველთვის მაინტერესებდა ამერიკული ისტორია - საომარიც და პოლიტიკურიც - და ძალიან ბევრი მაქვს წაკითხული აბრაამ ლინკოლნსა და ჯონ კენედიზე, განსაკუთრებით კი გადაწყვეტილების მიღების წინ აუჩქარებლობაზე. დორის ჯერნს გუდვინის წიგნი „მოწინააღმდეგეთა გუნდი: აბრაამ ლინკოლნის პოლიტიკური გენიოსობა“ ძალზედ საინტერესო გამოდგა, ხოლო კენედის ზოგიერთი ქმედება კუბის 1962 წლის სარაკეტო კრიზისის დროს - შესანიშნავი მაგალითია კარგად მოფიქრებული გადაწყვეტილებისა. ასაკთან ერთად უფრო დავაფასე გადაწყვეტილების მიღებისას მოთმინების უნარი. სამწვრთნელო კარიერის საწყის ეტაპზე იმპულსური ვიყავი - ყოველთვის ვჩქარობდი და ყველაფრის გაკეთებას საკუთარი ავტორიტეტის ხარჯზე ვცდილობდი. გამბედაობა სჭირდება იმას, რომ თქვა: „მაცადეთ, მოვიფიქრო“. ახალგაზრდობაში მთავარეზე გაფრენას ესწრაფვი და თანაც, დაუყოვნებლივ. ჩემი აზრით, ამის მიზეზი, როგორც წესი, ახალგაზრდული აღტყინებაა. წლების მატებასთან ერთად კი აღტყინების ფიალა იცლება და გამოცდილებით ივსება.

გაგრძელება
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
24 იანვარი 2019 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
კიდევ და კიდევ მადლობა ავტორს
0
№2
ავტორი: Svanchester
25 იანვარი 2019 17:43
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
როგორც მესი რონალდოსნაირი არ დაიბადება კიდევ ათწლეულს, ისე ფერგისნაირი არ მგონია ვინმე გახდეს მსოფლიო ფეხბურთში.
0
№3
ავტორი: dzia_David
25 იანვარი 2019 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ავტორს აპლოდისმენტები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top