"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ვან გაალს მიაჩნია, რომ კლუბში გატარებული ერთი წლის შემდეგ შემადგენლობის დაბალანსება მოახერხა.
შაბათს "სანდერლენდის" განადგურების შედეგად "წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდნენ. ჰოლანდიელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ეს შემთხვევითი არ არის.
"კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ შეიძლება ისევე მოვიგოთ, როგორც წავაგოთ. იღბალი გჭირდება, მაგრამ გუნდის ბალანსი უკეთესია წელს, ვიდრე შარშან იყო. ამის წყალობით ჩვენი მატჩები უნდა მოვიგოთ. ოქტომბრამდე დროს არ ვითხოვ - ყოველ კვირაში მოვუმატებთ. ყოველკვირა არ ვაკვირდები ამას, მაგრამ საერთო ჯამში ვხედავ, რომ როგორც გუნდი, უკეთესი გავხდით და გაუმჯობესდა მოთამაშეთა ნაკრებიც.
ახლა უფრო აქტიურად ვიყენებ როტაციას, რადგან შემიძლია. ჩემი აზრით, გასულ სეზონში ბალანსი არ გვქონდა. 20 თუ 25 მოთამაშე გავუშვი. ასე რომ, ეს ახალი გუნდია.
ასევე გჭირდება იღბალი. ძალზედ მნიშვნელოვანია გატანა. მაგალითად, "სანდერლენდს" პირველი ტაიმის მიწურულს გავუტანეთ, ამიტომ მეორე ტაიმში ჩემი გეგმები შეიცვალა. ეს ყველაფერს ცვლის. ფეხბურთელებსაც კი სხვანაირად ველაპარაკები.
ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი შანსების გამოყენება. დააკვირდით "სუონსის" წინააღმდეგ თამაშს. მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით გარდა 5 წუთისა, რომელშიც დავთმეთ კიდეც შეხვედრა", - ციტირებს ვან გაალს The Guardian.