"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა "საუთჰემპტონთან" მატჩში მოპოვებულ გამარჯვებაში თავისი კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელის, ენტონი მარსიალის წვლილი გამოყო.
გასულ კვირაში "ლივერპულის" კარის დალაშქრვის შემდეგ 19 წლის ფორვარდმა კვირას "წმინდანთა" წინააღმდეგ მოახერხა ორი გოლის გატანა, რითაც მაკედასა და საას შემდეგ მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც "იუნაიტედის" რიგებში ჩატარებულ პირველ ორ მატჩში მოახერხა თავის გამოჩენა.
"პსვ-სთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს გამარჯვების მოპოვება. ჩემს მოთამაშეებს უამრავი კომპლიმენტი უნდა ვუთხრა.
ენტონი მარსიალი უკვე არის განსაკუთრებული ფეხბურთელი, რადგან მასში დიდი თანხა გადავიხადეთ. მრავალი ადამიანი მას დიდ ვარსკვლავად მიიჩნევს, მაგრამ ის მხოლოდ 19 წლის ბიჭია. სამ მატჩში ბევრი რამ აჩვენა. მისით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ არც ჩვენ და არც მან არ უნდა ავყვეთ ემოციებს", - განაცხადა ვან გაალმა "სენტ მერიზე" გამართული მატჩის შემდეგ.